ფრირაიდ ვორლდ ტურის დამფუძნებელი - დღეს თეთნულდზე დიდებული შოუ გველოდება, რადგანაც არაჩვეულებრივი მთა და თოვლი გვაქვს
ფრირაიდ ვორლდ ტურის დამფუძნებელი - დღეს თეთნულდზე დიდებული შოუ გველოდება, რადგანაც არაჩვეულებრივი მთა და თოვლი გვაქვს

ქართული გუნდის მხრიდან მზადება არაჩვეულებრივია, – ამის შესახებ ფრირაიდ ვორლდ ტურის დამფუძნებელმა, ნიკოლას ჰეილ-ვუდსმა განაცხადა.

„დღეს დიდებული შოუ გველოდება, რადგანაც არაჩვეულებრივი მთა და თოვლი გვაქვს. ათლეტები აღტაცებულები არიან. ამინდიც საოცრად კარგია. იმედი მაქვს, რომ ღონისძიების დროს ხალხმრავლობა იქნება. ქართული გუნდის მხრიდან მზადება არაჩვეულებრივია. ჩვენ ვიმუშავეთ სამთო პატრულთან და „ემ თი ეის“ გუნდთან ერთად, რომელიც ძალიან ნაყოფიერი გამოვიდა. მოხიბლულები ვართ თქვენი მასპინძლობით. აქ ყველაფერია, რაც გვჭირდება საქართველოში პირველი წარმატებული შეჯიბრების ჩასატარებლად“, – განაცხადა ფრირაიდ ვორდ ტურის დამფუძნებელმა ნიკოლას ჰეილ-ვუდსმა.

საქართველოს ისტორიაში პირველად, კურორტ თეთნულდზე დღეს ფრირაიდის მსოფლიო ტური ტარდება. საქართველო ექვს წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას (კანადა, ანდორა, ესპანეთი, შვეიცარია, ავსტრია და საქართველო) შორის არის, რომლებსაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება ხვდა წილად.

ფრირაიდი ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ და მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს. ღონისძებაში 15 ქვეყნის (საფრანგეთი, კანადა, ესპანეთი, აშშ, მექსიკა, გერმანია, ავსტრია, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, შვედეთი, პოლონეთი, ნორვეგია, ახალი ზელანდია, იაპონია, საქართველო) 50 გამორჩეული რაიდერი იასპარეზებს, მათ შორის იქნება „ვაილდ ქარდის მფლობელი“, საქართველოს წარმომადგენელი ჯაბა სხვედიანი. მესტია გახდა მსოფლიოში ფრირაიდის ახალი მიმართულება, ხოლო კურორტი თეთნულდი ფრირაიდის მოყვარულთათვის პოზიციონირდა, როგორც ახალი აღმოსაჩენი ადგილი.