სვანეთში სპეცოპერაციის დროს დაღუპული ომეხ აფრასიძის დედა მთავრობის ადმინისტრაციასთან შიმშილობის დაწყებას აპირებს
სვანეთში, 14 წლის წინ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული ომეხ აფრასიძის დედა დოდო აფრასიძე მთავრობის ადმინისტრაციასთან ხვალ შიმშილობის დაწყებას აპირებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს აფრასიძეების ოჯახის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა.
მისი თქმით, დოდო აფრასიძე პროკურატურამ შეცდომაში შეიყვანა, თითქოს აფრასიძეების საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანას უახლოეს პერიოდში აპირებდა, თუმცა მას შემდეგ დიდი დრო გავიდა.
„ამდენი წელი გავიდა. ეს საქმე, რომელზეც ორი წელია დაზარალებულად ცნეს დოდო აფრასიძე, თაროზეა შემოდებული. რამდენიმე ხნის წინ, დოდო აფრასიძე საგამოძიებო უწყების მისაღებში შიმშილობდა, მაშინ შეიყვანეს პროკურატურაში და მოატყუეს, რომ საქმეზე მინიმუმ ერთ თვეში შემაჯამებელ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. ვინაიდან დოდო აფრასიძე ვერ პოულობს სამართალს, ის იძულებული ხდება კანცელარიასთან დაიწყოს შიმშილობის აქცია და მოითხოვოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.
მისი თქმით, ამ საქმეზე მაშინდელი მაღალჩინოსნების გიორგი ბარამიძისა და მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აფრასიძეები „პირად შურისძიებაზე გადავლენ“.
„სააკაშვილი და ბარამიძე დღემდე ლანძღავენ აფრასიძეებს. სააკაშვილი ამაყობს, როგორ ამოჟუჟა ეს ადამიანები. ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელმაც პასუხი უნდა აგოს. ადამიანებმა, რომლებიც ამაყობენ იმ სისასტიკით, რაც ჩაიდინეს“, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.
2004 წლის 24 მარტს, 07:00 საათზე, სვანეთის სოფელ ეცერში, შსს-სა და უშიშროების ასეულობით თანამშრომლის მონაწილეობით, ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპერაცია განსაკუთრებით საშიში დამნაშავეების დაკავებას უკავშირდებოდა.
სპეცოპერაციის დროს ევგენი აფრასიძე და მისი ვაჟი ომეხ აფრასიძე მოკლეს. მოკლულის კიდევ ორი შვილი გოჩა და შმაგი აფრასიძეები დააკავეს და 19 და 17 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ძმებმა საპყრობილე 2013 წელს, ამნისტიის გამოცხადების შემდეგ დატოვეს.