სვანეთში ლამპრობა აღნიშნეს. ადგილობრივებმა ლამპრებით ტრადიციული მსვლელობა მოაწყვეს და ტრადიციის მიხედვით, სპეციალურად შერჩეულ ადგილზე შეიკრიბნენ.
სვანეთში ამ სახალხო დღესასწაულს წელიწადში სამჯერ აღნიშნავენ. 28 იანვარს, გამთენიისას მოსახლეობამ წმინდა გიორგის ანუ მამაკაცებისა და ვაჯკაცების „ლამპრობა“ აღნიშნა.
ამ დღისთვის ოჯახებში არყის ხისგან საგანგებოდ ამზადებენ ლამპრებს, ოჯახიდან გარეთ იმდენი ლამპარი გამოდის, რამდენი მამაკაციც არის ოჯახში.
მოსახლეობა სპეციალურად შერჩეულ ადგილზე იკრიბება და ლამპრებს თავს ერთად უყრის. ადგილზე ინთება კოცონიც. ტრადიციის მიხედვით, მოსახლეობა ერთობლივად ლოცულობს და ღმერთს შესთხოვს, რომ ოჯახში ღირსეულმა ვაჟკაცებმა და გვარის გამგრძელებლებმა იმრავლონ.
შეკრების ადგილზე მოსახლეობას სპეციალურად ლამპრობისთვის გამომცხვარი სარიტუალო პურები და სასმელი მიაქვს, რომელიც ეკლესიაში იკურთხება.
შემდეგი ლამპრობა სვანეთში 14 თებერვალს გაიმართება. ის მირქმას უკავშირდება და მოსახლეობა ამ დღეს საფლავებზე ცეცხლს ანთებს. ისინი ღმერთს მიცვალებულების იმქვეყნიურ კეთილდღეობას შესთხოვენ.
კიდევ ერთი, ზეცის ლამპრობა თებერვლის ბოლოს გაიმართება.