უშგულში, საქართველოს ყველაზე შორეულ სოფელში -The Independent-ი სვანეთზე სტატიას აქვეყნებს
უშგულში, საქართველოს ყველაზე შორეულ სოფელში -The Independent-ი სვანეთზე სტატიას აქვეყნებს

„უშგულში – საქართველოს ყველაზე შორეულ სოფელში“, – ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას ბრიტანული გამოცემა The Independent-ი.

სტატიის ავტორი ნიკ რედმეინი აღნიშნავს, რომ სოფელი უშგული მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა დატოვა, თუმცა ახალმა ავიარეისებმა, რომლებსაც ტურისტები მოჰყავს, უშგულს ახალი სიცოცხლე შესძინა.

რედმეინი სტატიას საქართველოს დედაქალაქ თბილისზე საუბრით იწყებს.

„ამჟამად, საქართველო ყველას ფიქრებშია”, – წერს ავტორი და აღნიშნავს, რომ პირდაპირი რეისების საშუალებით, თბილისი ტურისტულ რუკაზე დანიშნულების ახალ ადგილად აღმოცენდა და იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყველა საქართველოში მიდის.

სტატიაში ნათქვამია, რომ ერთადერთი ადგილის, სადაც ბევრი არ მიემგზავრება საქართველოს ჩრდილოეთით მდებარე სვანეთია, კერძოდ კი უშგული, ევროპის ყველაზე მაღალმთიანი მუდმივი დასახლება.

„ყოველწლიური ექვსთვიანი ზამთრით იზოლირებული სვანეთი 2000 წლის დასაწყისამდე იყო ადგილი, სადაც არ მოქმედებდა კანონი, ხდებოდა სისხლიანი გარჩევები და გავრცელებული იყო კრიმინალი“, – ნათქვამია სტატიაში. თუმცა, როგორც ავტორი აღნიშნავს, პოსტსაბჭოთა ქაოსიდან გამოსვლის შემდეგ, საქართველოში, მათ შორის სვანეთში, უსაფრთხოება აღდგა.

„ოდესღაც ქვეყნის ყველაზე საშიშ გზად ცნობილი მარშრუტი რეგიონულ დედაქალაქ მესტიამდე, ახლა მოდერნიზებულია. მართალია, ქუთაისიდან მგზავრობას თითქმის ხუთი საათი სჭირდება, თუმცა ახალი საჰაერო რეისებით, რეგიონში ვიზიტი შესაძლებელია“, – წერს სტატიის ავტორი.

„ერთ-ერთ ყველაზე დიდ სოფელში, ჟიბიანში, უძველესი სვანური თავდაცვითი კოშკები დაკლაკნილ ბილიკებსა და გაშლილ საქონელს გაჰყურებს“, – აღწერს ნიკ რეიდმეინი სვანურ სოფელს.

ავტორი მკითხველს აცნობს ადგილობრივ მცხოვრებ მარეხი ნიჟარაძეს, რომელიც უშგულში საოჯახო სასტუმროს ხელმძღვანელობს. მარეხი ნიჟარაძე ჟურნალისტთან ინტერვიუში ამბობს, რომ ტურიზმმა სოფლიდან წასული მოსახლეობის ნაწილი დააბრუნა.

ამას გარდა, ჟურნალისტი ადგილობრივ მხატვარს ფრიდონ ნიჟარაძესაც სტუმრობს. The Independent-ის მასალაში ასევე აღნიშნულია, რომ ლონდონის ლუტონის აეროპორტიდან ქუთაისში გამგზავრება პირდაპირი რეისით არის შესაძლებელი.

დატოვე კომენტარი