სუს-ი - საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით
სუს-ი - საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული გალის რაიონში უკანონოდ დააკავეს სოფელ ოტობაიაში მცხოვრები საქართველოს ორი მოქალაქე.

მათივე ცნობით, ამოქმედებულია ყველა მექანიზმი და აღნიშნული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.

„საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ოპერირებული ცხელი ხაზის მეშვეობით დაადასტურეს უკანონო დაკავების ფაქტი და განაცხადეს, რომ ე.წ. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „უკანონო მიგრაციის ორგანიზების“ ე.წ. ბრალდებით. უკანონოდ დაკავებულ ორივე პირს, ე.წ. სასამართლოს მიერ „მიესაჯა“ ორთვიანი „წინასწარი პატიმრობა“ და ამჟამად იმყოფებიან ე.წ. აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის იზოლატორში.

უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია უკანონოდ დაკავებული პირების უპირობო გათავისუფლება. საქართველოს მოქალაქეების მიმართ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ და უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობამ არაერთგზის დააფიქსირა კონსოლიდირებული პოზიცია და დაგმო დანაშაულებრივი პრაქტიკა, რაც მიზანმიმართულად მკვიდრდება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.