სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ქრთამის აღების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ორგანიზაცია „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, კახა მიქაიას დაკითხვა მიმდინარეობს.
როგორც მან ჟურნალისტებს სუს-ში შესვლამდე განუცხადა, აპირებს, ანტიკორუფციულ სამსახურს ფარული აუდიოჩანაწერი გადასცეს, რომელიც მისივე ინფორმაციით, ერთი საათი და 57 წუთი გრძელდება. როგორც მიქაია ამბობს, ჩანაწერში საუბრობენ ბიზნესმენი ზურაბ კვირკვია, ზუგდიდის უკვე ყოფილი მერი ლაშა გოგია და ზუგდიდის მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია.
მიქაიას თქმით, ჩანაწერში საუბარია თანხის გადაცემაზე.
„კარგია, რომ დაიწყო მოკვლევა ანტიკორუფციულმა სამსახურმა. მომაქვს სრული ჩანაწერი, რომელიც შეადგენს ერთ საათს და 57 წუთს და მას ანტიკორუფციულ სამსახურს გადავცემ. რაც მოისმინეთ ტელევიზიებით, მხოლოდ ორი-სამი წუთი იყო. სრული ჩანაწერის მიხედვით, საუბარში მონაწილეობენ ბიზნესმენი, გოგია და ქობალია. მივაწვდი ჩანაწერს და ავთენტურობის დადგენაზე თავად იზრუნონ. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ნამდვილია“, – განაცხადა მიქაიამ.
მისი თქმით, ჩანაწერი რამდენიმე თვის წინანდელია. მიქაია თავს იკავებს საუბრისგან, როდის და როგორ მოიპოვა მასალა.
ამასთან, გუშინ სუს-ში დაკითხვაზე დაახლოებით 9 საათის განმავლობაში იმყოფებოდა ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა.
სუს-მა გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას მიმართ დაიწყო. არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ერთ-ერთი ბიზნესმენისგან ქრთამის აღებას მიწის დაკანონების სანაცვლოდ.
სავარაუდოდ სწორედ აღნიშნული მიზეზით დატოვა ლაშა გოგიამ მერის თანამდებობა. მეორე დღეს კი, ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა მისმა მოადგილემ, გია გულორდავამაც დატოვა.