ზუგდიდის ყოფილი მერის მიმართ გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე დაიწყო
ზუგდიდის ყოფილი მერის მიმართ გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე დაიწყო

ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას მიმართ სუს-მა გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე დაიწყო. ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში დაწყებულია გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით“, – განაცხადეს სუს-ში.

არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ერთ-ერთი ბიზნესმენისგან ქრთამის აღებას მიწის დაკანონების სანაცვლოდ.

სავარაუდოდ სწორედ აღნიშნული მიზეზით დატოვა ლაშა გოგიამ მერის თანამდებობა.

ამასთან, ლაშა გოგია რამდენიმე დღის წინ სუს-ში გამოკითხვაზე კიდევ ერთ საქმეზე იმყოფებოდა. საუბარია ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის საქმიანობის შესახებ დაწყებულ გამოძიებაზე.