სუს-ის ინფორმაციით, ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერის გამოკითხვა დასრულდა
სუს-ის ინფორმაციით, ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერის გამოკითხვა დასრულდა

სუს-ის ინფორმაციით, ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერის გამოკითხვა დასრულდა.

ქრთამის აღების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერი გია გულორდავა დღეს ცხრა საათის განმავლობაში იმყოფებოდა გამოკითხვაზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მან უწყება ცენტრალური გასასვლელიდან დატოვა, თუმცა ჟურნალისტებს, რომლებიც ე.წ მოდულის შენობასთან გამოკითხვის დასრულებას ელოდებოდნენ, სუს-იდან გამოსული გია გულორდავა არ უნახავთ.

რაც შეეხება იმ საქმეს, რაზეც გამოძიება დაიწყო, გამოკითხვაზე შესვლამდე, ზუგდიდის ყოფილმა ვიცე-მერმა განაცხადა, რომ მას ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიასგან არანაირი თანხა არ მიუღია. გულორდავას განცხადებით, ბიზნესმენ ზურაბ კვირკვიასთან მას დაახლოებით სამი თვის წინ ჰქონდა კომუნიკაცია, ეს პირი კი ზუგდიდში კონკრეტულ ლოკაციებზე უძრავი ქონების იჯარის წესით გადაცემას ითხოვდა.

გულორდავას განცხადებით, მათ ბიზნესმენს უთხრეს, რომ ამ ქონებებთან დაკავშირებით აუქციონი უნდა გამოცხადებულიყო და სწორედ ამ გზით უნდა ეცადა ბიზნესმენს ქონების შეძენა.

რაც შეეხება ზუგდიდის ვიცე-მერის თანამდებობიდან მის გადადგომას, გულორდავას თქმით, იმის გამო, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, მედიასა და ოპოზიციაში კითხვები რომ არ გაჩენილიყო, ამიტომ მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება.

ქრთამის აღების საქმეზე სუს-ში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უწყებაში ხვალ დაბარებული არიან სხვა პირებიც. ერთ-ერთი ვერსიით, გამოკითხვაზე დაბარებულია ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია, რომელმაც თანამდებობა ამავე საქმის გამო დატოვა, ასევე გამოკითხვაზე დაბარებულია ორგანიზაცია „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი კახა მიქაია, რომელიც აცხადებს, რომ სავარაუდო კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებით ჩანაწერები გააჩნია.

ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას მიმართ სუს-მა გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე დაიწყო.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში დაწყებულია გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით“, – განაცხადეს სუს-ში.

არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ერთ-ერთი ბიზნესმენისგან ქრთამის აღებას მიწის დაკანონების სანაცვლოდ.

სავარაუდოდ სწორედ აღნიშნული მიზეზით დატოვა ლაშა გოგიამ მერის თანამდებობა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა გია გულორდავამაც დატოვა.