სუს-მა პარლამენტს 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა
სუს-მა პარლამენტს 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პარლამენტს სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. ანგარიშში საუბარია 2022 წელს საქართველოსა და მის გარშემო განვითარებული უსაფრთხოების პროცესების, ასევე ქვეყნის წინაშე გამოკვეთილი საფრთხეებისა და გამოწვევების საპასუხოდ სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებებისა და საქმიანობის შესახებ.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2022 წელს რეგიონში შექმნილი ურთულესი ვითარებისა და უსაფრთხოების ახალი გამოწვევების გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეროვნული ინტერესების დაცვა კომპლექსურ და არაპროგნოზირებად გარემოში უწევდა.

„რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი დამატებით მნიშვნელოვან გამოწვევებს უქმნიდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და ტერიტორიულ მთლიანობას, ზრდიდა ზეწოლას ეკონომიკასა და სოციალურ-პოლიტიკურ სტაბილურობაზე“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოსთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ კვლავ რჩებოდა რუსული ოკუპაცია და ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული რუსეთის სამხედრო კონტინგენტი.

„2022 წელს კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ანექსიური პროცესები. არსებით გამოწვევას წარმოადგენდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების სადაზვერვო საქმიანობა. ე.წ. ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენებით მიმდინარეობდა ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობები. ამასთან, აქტიური დეზინფორმაციული კამპანიები მიმართული იყო უშუალოდ უსაფრთხოების გარემოს დაზიანებისკენ, კვლავ აქტუალური იყო საერთაშორისო ტერორიზმიდან და ძალადობრივი ექსტრემიზმიდან მომდინარე საფრთხეები, ტერორიზმის მიმართულებით მსოფლიოში არსებული რთული ვითარების მიუხედავად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად, ქვეყანაში ტერორისტული აქტივობები მინიმუმამდე შემცირდა.

გეოპოლიტიკური კრიზისისა და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების გარემოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უზრუნველყო უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეული დესტრუქციული ძალებისგან მრავალი მიმართულებით მომდინარე უსაფრთხოების რისკების ეფექტიანი მართვა. ქვეყანაში შენარჩუნდა უსაფრთხო გარემო და შესაბამის უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით, უზრუნველყოფილი იყო სახელმწიფო ფუნქციონირება და უსაფრთხო განვითარება“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ უსაფრთხოების გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სამსახური ორიენტირებული იყო საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებასა და ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებაზე.

„საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას სამსახური მკაცრად იცავდა კანონით განსაზღვრულ ძირითად სახელმძღვანელო პრინციპებს, მათ შორის, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, თანაზომიერებას, დისკრიმინაციის დაუშვებლობასა და პოლიტიკურ ნეიტრალობას. სამსახურის დანაყოფების სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის უზრუნველყოფილი იყო სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ინფრასტრუქტურა და გატარდა ეფექტიანი საკადრო პოლიტიკა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გამოწეევას კვლავ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია წარმოადგენს.

„2022 წლის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებულ რუსულ საოკუპაციო ბაზებზე უწყვეტად მიმდინარეობდა უკანონო სამხედრო წვრთნები პირადი შემადგენლობის როტაცია და სხვა უკანონო აქტივობები. დაფიქსირდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებული მძიმე შეიარაღებისა და სამხედრო მოსამსახურეების გარკვეული ნაწილის უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ჩართვა. აღნიშნულის მიუხედავად, ადგილზე კვლავ რჩებოდა საოკუპაციო ძალების შესაძლებლობათა 50 პროცენტზე მეტი. აღნიშნული ძალები განაგრძობდნენ უკანონო სამხედრო წვრთნებს და სხვა უკანონო აქტივობებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ. გასული წლების მსგავსად, საოკუპაციო ძალის მხრიდან მიმდინარეობდა ეთნიკური დისკრიმინაცია და გრძელდებოდა მათი ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

სუს-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსულ სამხედრო შემადგენლობასთან ერთად, აქტიურად მოქმედებდნენ რუსეთის ფედერაციის სპეციალური სამსახურები.

„რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-7 და მე–4 სამხედრო ბაზებზე განთავსებულმა საოკუპაციო ძალებმა სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის რამდენიმე ათეული უკანონო სწავლება ჩაატარეს. გარდა ამისა, ხსენებულ ბაზებზე ხორციელდებოდა გეგმური როტაციები, შეიარაღებისა და სამხედრო-ტექნიკური საშუალებების განახლების პროცესი.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობდნენ ე.წ. მოხალისეები როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, ისე აფხაზეთიდან. მათ შორის, დადასტურდა არაერთი პირის დაღუპვის ფაქტი.

რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის პირობებში, რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის როკის მონაკვეთზე ამოქმედდა სამხედრო გაწვევის პუნქტი, რომლის მეშვეობითაც გაწვევის საკითხებთან დაკავშირებით ხორციელდებოდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის კონტროლი“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.

მათივე ცნობით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფოწზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქტიურად ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მათ მიმართ ძალის გამოყენებისთვის ემზადებოდა.

„აღნიშნული განცხადებების პარალელურად, საოკუპაციო რეჟიმები გარკვეულ „ზომებსაც“ მიმართავდნენ. ვრცელდებოდა ცნობები საოკუპაციო ხაზის „გამაგრების“, ე.წ. ბომბსაფრების რეაბილიტაციის, „რეზერვისტთა მობილიზაციისა“ და სხვა უკანონო აქტივობების შესახებ.

აღნიშნული ნარატივი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა ადგილოხრივი მოსახლეობის დაშინებისა და მათში რუსეთის ანექსიური პოლიტიკის მიმართ შემრიგებლური განწყობების ჩამოყალიბებისთვის გამოიყენეს. ამ ფონზე, კიდევ უფრო შემაშფოთებელი იყო რუსეთის საოკუპაციო ძალების პოლიტიკა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებს ოკუპირებულ რეგიონებში შესვლისა და მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობას არ აძლევდა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

სუს-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, რუსეთის ანექსიურმა პოლიტიკამ კიდევ უფრო კომპლექსური სახე მიიღო, რაც განსაკუთრებით გამოვლინდა ოკუპირებულ აფხაზეთში უძრავი ქონების საკითხის გარშემო მიმდინარე პროცესებში.

„2022 წლის 19 იანვარს ხელი მოეწერა „შეთანხმებას“, რომელიც რუსეთისთვის ოკუპირებული ბიჭვინთის „სახელმწიფო აგარაკების კომპლექსის“ უსასყიდლოდ, ხოლო მიწის ნაკვეთებისა და მიმდებარე აკვატორიის „იჯარით“ გადაცემას ითვალისწინებს. აღსანიშნავია, რომ ე.წ. შეთანხმების მიხედვით, მისი „დენონსირების“ შემთხვევაშიც, ობიექტი კვლავ რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში რჩება. ე.წ. შეთანხმების „რატიფიცირება“ ჯერჯერობით არ მომხდარა, ვინაიდან „დოკუმენტით“ გათვალისწინებულმა ზოგიერთმა საკითხმა ადგილობრივებში პროტესტი გამოიწვია. საყურადღებოა, რომ ე.წ. ხელშეკრულების ჩაგდების შემთხვევაში, რუსეთმა ოკუპირებული რეგიონიდან მე-7 საოკუპაციო ბაზის გასვლისა და ოკუპირებულ აფხაზეთზე ფინანსური ზეწოლის განხორციელების შესაძლებლობა არ გამორიცხა.

გარდა ამისა, 2022 წლის 27 ოქტომბერს ოკუპირებულ ბიჭვინთაში არსებული 20 ჰა მიწის ნაკვეთი კრასნოდარის მხარის ყოფილი გუბერნატორისა და რუსეთის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის კომპანია „მოსკვა რეზორტს“ „მუდმივ სარგებლობაში გადაეცა“.

საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს, რუსეთთან ურთიერთობებისა და ე.წ. ინტეგრაციული პროცესების გაღრმავება თბილისიდან მომდინარე შესაძლო ომის საფრთხით გაამართლოს.

საანგარიშო პერიოდში კვლავ იდგა ოკუპირებული გაგრის რაიონის სოფელ აიბღას რუსეთისთვის „მიკუთვნების“ საკითხი, თუმცა საოკუპაციო რეჟიმი მოცემული თემისთვის აქტუალობის დაკარგვას ცდილობდა. რუსეთის საოკუპაციო ძალა აქტიურად ცდილობდა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ეკონომიკის სხვადასხვა დარგის სრულ კონტროლს, რაც გამოიხატა „საბიუჯეტო ტრანშის“ მსხვილი „ინვესტიციებით“ ჩანაცვლების გეგმის შემუშავებაში. ვინაიდან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ბიუჯეტის ნახევარზე მეტი რუსეთის პირდაპირი ტრანშით ივსება, მაღალი ალბათობით, ფინანსების მოსაზიდად საოკუპაციო რეჟიმს მნიშვნელოვანი, მათ შორის, სტრატეგიული ობიექტების გასხვისება მოუწევს. ამავდროულად, ანექსიის ჭრილშია განსახილველი, მწვავე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებები აღნიშნულ სფეროში რუსი ე.წ. ინვესტორების მოზიდვისა და სტრატეგიული ობიექტების „პრივატიზების“ შესახებ. საანგარიშო პერიოდში რუსეთის საოკუპაციო ძალები ანექსიური პოლიტიკის შენიღბვას ოკუპირებული აფხაზეთის რუსეთ–ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოში გაწევრიანების საკითხის აქტუალიზაციით ცდილობდნენ. მაღალი ალბათობით, აღნიშნულ პროცესს უკავშირდებოდა რეგიონში ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტიც“, – ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუემენტში ხაზგასმულია, რომ 2022 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა სამხედრო აგრესიამ რეგიონში შექმნა უმძიმესი ვითარება, გეოპოლიტიკური კრიზისი და რეგიონის არაერთი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, ურთულესი გამოწვევების წინაშე დააყენა.

„ფართომასშტაბიანმა ომმა გრძელვადიან პერსპექტივაში ფუნდამენტურად დააზიანა რეგიონის უსაფრთხოების გარემო და პირდაპირი ზეგავლენა მოახდინა ევროპის უსაფრთხოებაზე. ამასთან, ბირთვული ომის მომეტებულმა რიტორიკამ არსებითად შეცვალა გლობალური უსაფრთხოების დღის წესრიგი. რუსეთის მიერ გაცხადებულმა ღია ექსპანსიურმა პოლიტიკამ და აღნიშნული მიზნების ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებებით მიღწევის მცდელობამ, ოკუპაციის პირობებში მყოფი საქართველოს სტაბილურობა განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დააყენა. შექმნილმა ვითარებამ კიდევ უფრო გამოკვეთა ქვეყნის წინაშე არსებული ეგზისტენციალური საფრთხეები.

კონვენციური საომარი მეთოდების პარალელურად, უსაფრთხოების გარემოს უაღრესად აზიანებდა რეგიონის ქვეყნების ეკონომიკაზე, ენერგოუსაფრთხოებასა და სოციალურ-პოლიტიკურ სტაბილურობაზე ზეწოლის მოხდენის მცდელობები, კიბერთავდასხმები, დეზინფორმაციული კამპანიები და „ჰიბრიდული ომის“ ფარგლებში გამოყენებული სხვა ინსტრუმენტები“, – ნათქვამია სუს-ის ანგარიშში.

დოკუმენტის ტანახმად, 2022 წელს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებისთვის ასევე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩებოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პერიოდულად მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირებები და მათი შესაძლო გამწვავების რისკი.

„საქართველოს გარშემო მიმდინარე რთულ და არაპროგნოზირებად პროცესებს თან ერთვოდა ქვეყანაში დესტრუქციული ძალების მიერ ინსპირირებული შიდაპოლიტიკური დაძაბულობა და მისი გამწვავების მცდელობები. შიდა და გარე აქტორები, პატრიოტულ განწყობებზე აპელირებით საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართულ განცხადებებს ავრცელებდნენ და მოსახლეობას დესტრუქციული, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის დამაზიანებელი ქმედებების განხორციელებისკენ მოუწოდებდნენ.

ქვეყანაში არსებულ უსაფრთხოების გარემოს აზიანებდა მტრულად განწყობილი სუბიექტების მიერ საზოგადოების მეტი პოლარიზაციისკენ მიმართული აქტივობები, კრიტიკულად მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების შეფერხების მცდელობები, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობისკენ მოწოდება და სოციალური დესტაბილიზაციის ხელშეწყობა.

დესტრუქციული ძალები, მათ შორის, უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან შესაძლო კავშირში მყოფი სუბიექტები, ცდილობდნენ საქართველოს ურთიერთობის დაზიანებას კონკრეტულ სახელმწიფოებთან, დასავლელ პარტნიორებსა და სტრატეგიულ მოკავშირეებთან. რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების გათვალისწინებით, მსგავსი აქტივობები საფრთხეს უქმნიდა საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ შეცვლილი გეოპოლიტიკური რეალობისა და მისი თანმდევი საფრთხეებისა თუ გამოწვევების გათვალისწინებით, 2022 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვითი საქმიანობა მიმართული იყო საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირებისა და მისი შედეგების განეიტრალებისკენ.

„აღნიშნული მოიცავდა უცხო სახელმწიფოების სპეციალური სამსახურების, მათი ეგიდით მოქმედი ცალკეული ორგანიზაციებისა თუ პირების მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ მიმართული შესაძლო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისა და სხვა ტიპის საქმიანობის ადრეულ ეტაპზე გამოვლენას, პრევენციას და აღკვეთას.

2022 წელს, რუსეთ–უკრაინას შორის მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად გაზრდილი მიგრაციული წაკადის მონიტორინგის მიზნით, არსებული რისკებისა და გამოწვევების შესაბამისად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაააქტიურა შესაბამისი კონტრდაზვერვითი საქმიანობა. აღნიშნული პროცესი წარმართული იყო საქართველოში სხვადასხვა საფუძვლით შემოსვლისა და ცხოვრების ნებართვის მოპოვების მსურველი უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიმართ, ქვეყნის ტერიტორიაზე დაშვების სუვერენული უფლებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით.

საანგარიშო პერიოდში სამსახურმა საქართველოში სხვადასხვა სტატუსით ცხოვრების ნებართვის მინიჭების მიზანშეწონილობა განიხილა უცხო ქვეყნის მოქალაქეების 53 000-ზე მეტ საქმეზე. საქართველოს მოქალაქეობის სხვადასხვა წესით მინიჭებასთან (მათ შორის, შენარჩუნება/აღდგენასთან) დაკავშირებით, განხილული იყო დაახლოებით 22 000 საქმე“, – ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში საუბარია, რომ 2022 წელს საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენდა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული „ჰიბრიდული საფრთხეები“.

„ცრუ და დაუსაბუთებელი ინფორმაციების გავრცელება მიზნად ისახავდა საქართველოს ურთიერთობების დაზიანებას სტრატეგიულ პარტწიორებსა და მოკავშირეებთან, ასევე, ცალკეულ ქვეყნებთან. ამასთან, დაფიქსირდა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების აქტიური მცდელობები“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.