სუს-ი - მაქსიმალურად გაკონტროლდა სირიიდან და ერაყიდან მებრძოლების მიერ ქვეყნის სატრანზიტო მიზნით შესაძლო გამოყენების არხები
სუს-ი - მაქსიმალურად გაკონტროლდა სირიიდან და ერაყიდან მებრძოლების მიერ ქვეყნის სატრანზიტო მიზნით შესაძლო გამოყენების არხები

მაქსიმალურად გაკონტროლდა სირიიდან და ერაყიდან მებრძოლების მიერ ქვეყნის სატრანზიტო მიზნით შესაძლო გამოყენების არხები, – ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2019 წლის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

სუს-ის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პირთა დიდმა ნაწილმა, რომელიც ჩართული იყო სირიასა და ერაყში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში, დატოვა აღნიშნული რეგიონი. ისინი სხვადასხვა ქვეყნის გამოყენებით ცდილობდნენ კონკრეტულ სახელმწიფოებში მოხვედრას.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კოორდინირებით მაქსიმალურად კონტროლდებოდა აღნიშნული პირების მიერ ქვეყნის სატრანზიტო მიზნით შესაძლო გამოყენების არხები. 24/7 ფორმატში, საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო და დროული კოორდინაციით, იზღუდებოდა აღნიშნული დერეფნების გამოყენების შესაძლებლობა. მეთვალყურეობას ექვემდებარებოდა მარშრუტები და არხები, რომლებიც, შესაძლოა, ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად შემოსვლისთვის ყოფილიყო გამოყენებული.

საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში მოხდა ერთიანი საინფორმაციო ბაზების განახლება, რამაც ეფექტური გახადა ქვეყანაში შესვლისა და ქვეყნიდან გასვლის არხების მონიტორინგი. პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან ერთად, მუშავდებოდა ტერორიზმთან დაკავშირებული ან შესაძლო კავშირის მქონე პირთა სიები. აღნიშნულის შედეგად გასული წლის განმავლობაში იდენტიფიცირდა და შესაბამისი კონტროლი დაწესდა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე რამდენიმე ათას პირზე“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.

ამავე დოკუმენტში საუბარია ტერორისტული ორგანიზაციების მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე პირთა გადაბირების მცდელობის საკითხზეც.

„აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ტერორისტული იდეოლოგიის გავრცელებისა და პირთა გადაბირების ძირითად საშუალებას ინტერნეტსივრცე წარმოადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ აქტიურად მიმდინარეობდა ინტერნეტით გაკეთებული ისეთი განცხადებებისა და მასალების მონიტორინგი, რომლებიც, შესაძლოა, კავშირში ყოფილიყო ტერორისტულ ან/და ექსტრემისტულ ნარატივთან.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საქართველოში ექსტრემისტული იდეების გამავრცელებელი აქტიური კერები არ დაფიქსირებულა. ამავე პერიოდში არ გამოვლენილა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრების ფაქტები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, სხვა უწყებებთან თანამშრომლობით, ხდებოდა იმ პირთა გამოვლენა, რომლებიც შესაძლოა, დაკავშირებული ყოფილიყვნენ ტერორისტული იდეების გავრცელებასა და პირთა რადიკალიზაციასთან. აღნიშნული მოქალაქეების მიმართ ტარდებოდა შესაბამისი პრევენციული და სხვა სამართლებრივი ღონისძიებები.

საქართველოში გადაბირებისა და ტერორისტული იდეოლოგიის გავრცელების მიმართულებით არსებული სრული სურათის გაანალიზებისთვის, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სახელმწიფოს მიერ გასული წლების განმავლობაში მიღებული ზომები, მათ შორის გადამბირებლებისა და ტერორიზმის მხარდამჭერი პირების დაკავების ფაქტები. აღნიშნულმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დღეისათვის ამ მხრივ ქვეყანაში არსებული კონტროლირებადი გარემოს ჩამოყალიბებაში“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.

ამავე ანგარიშში ვეცნობით ინფორმაციას საქართველოდან ტერორისტული ორგანიზაციებისთვის, ასევე საქართველოში ამავე ორგანიზაციების შესაძლო მხარდამჭერებისთვის ფინანსური ან სხვა სახის მხარდაჭერის აღმოჩენის მცდელობის შესახებ.

„საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლისას, პრიორიტეტი ენიჭებოდა ტერორისტული აქტივობების შესაძლო დაფინანსების ან სხვაგვარი მხარდაჭერის მცდელობის იდენტიფიცირების მიზნით გატარებულ ღონისძიებებს. აღნიშნულის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობდა სახელმწიფო უწყებებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ეფექტური თანამშრომლობა.

საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ტერორიზმთან შესაძლო დაკავშირებული სხვადასხვა ფინანსური ოპერაციების მონიტორინგს და ამ მიმართულებით პრევენციული ღონისძიებების გატარებას. ამასთან, მუდმივად მიმდინარეობდა ტერორიზმის დაფინანსების უახლესი მეთოდების და ტენდენციების კვლევა.

2019 წელს სახელმწიფომ, შესაბამისი უწყებების ჩართულობით, მიიღო „საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების შეფასების ანგარიში“ (NRA) და მისი სამოქმედო გეგმა. აღნიშნული დოკუმენტის მეოთხე თავში შეფასებული და გაანალიზებულია ქვეყანაში ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებით არსებული რისკები. ანგარიშის მიხედვით, საქართველო განეკუთვნება იმ ქვეყანათა რიცხვს, სადაც ტერორიზმის დაფინანსების რისკი დაბალია.

ტერორიზმის შესაძლო დაფინანსების აღმოჩენის მიზნით, აქტიურად ხდებოდა როგორც ოპერატიული, ისე საგამოძიებო მექანიზმების გამოყენება. საანგარიშო პერიოდში კონკრეტული საფინანსო ოპერაციები არაერთხელ გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დეტალური შესწავლის საგანი. ამ ეტაპზე ქვეყანაში ან ქვეყნიდან ტერორიზმის ფინანსური მხარდაჭერის ფაქტები არ ფიქსირდება“, – აღნიშნულია სუს-ის ანგარიშში.

დატოვე კომენტარი