საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა. შსს-ს ცნობით, მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო არ ითვალისწინებს უცხოელი სტუდენტის სწავლასთან დაკავშირებით დეტალურ რეგულაციებს.
პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ფორმალურად ირიცხება უნივერსიტეტში, თუმცა რეალურად არ დასტურდება სასწავლო პროცესში მისი მონაწილეობა. საკანონმდებლო ცვლილებებით დარეგულირდება ასევე სასწავლო ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული საკითხები. დასახელებული ნებართვის გაცემა მოხდება სრულწლოვან პირზე მხოლოდ ავტორიზებულ უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შემთხვევაში.
კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციური ქორწინება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. ამასთან, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება სასამართლო სამართალწარმოების ნაწილში. კერძოდ, მცირდება გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები, დგინდება საქმის განხილვის შემჭიდროებული ვადები და რიგ შემთხვევებში შესაძლებელი ხდება საქმეების ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა.