სურსათის სააგენტო - მოქალაქემ ჯილეხით დაავადებული ხორცი სავარაუდოდ ნავთლუღის ბაზრის მიმდებარედ შეიძინა
სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მოქალაქემ, რომელიც ჯილეხით დაინფიცირდა, დაავადებული ხორცი სავარაუდოდ ნავთლუღის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიძინა.
სააგენტოში პირველ არხს განუცხადეს, რომ ინფორმაცია დაინფიცირების შესახებ ჯერ დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, შემდეგ კი უშუალოდ დაინფიცირებული პირისგან მიიღეს.
მათივე ინფორმაციით, მიღებული მონაცემების საფუძველზე, შესაბამისი ღონისძიებები გატარდა აღნიშნული პირის საცხოვრებელ სახლსა და ხორცის რეალიზაციის მითითებულ სავარაუდო ობიექტში.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ამჟამად სააგენტო დაავადების გავრცელების ზუსტი წყაროს დადგენის მიზნით სამუშაოებს ახორციელებს.
თბილისში ჯილეხით დაავადების შემთხვევის შესახებ დღეს გახდა ცნობილი.