სურამში, „ამაღლების“ სახელობის დარბაზული ეკლესიის რეაბილიტაცია დასრულდა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით, დაბა სურამში „ამაღლების“ (კვართისა) სახელობის დარბაზული ეკლესიის სარეაბილიტაციო პროცესი დასრულდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ფიზიკური სამუშაოები, რომელიც მიმდინარე წელს დაიწყო, საკულტო ნაგებობის ცალკეული კონსტრუქციული წყობების დადგენილი მეთოდოლოგიით რესტავრაციას ითვალისწინებდა.
„ეკლესიის ოთხივე ფასადიდან მოიხსნა მეოცე საუკუნის 80–იან წლებში შესრულებული ცემენტის ნალესობა. ცემენტის ხსნარისგან გაწმენდილი ქვებთაშორისი ღიობები კირხსნარით ამოილესა და გამაგრდა.
გამოიცვალა ნაგებობის გადახურვა. ძველი, სრულად ამორტიზებული ხის გადახურვა, ხის ახალი კონსტრუქციითა და ფენილით ჩანაცვლდა, რომელზეც თუნუქის ლორფინის იმიტაციის სახურავი მოეწყო.
გასუფთავდა, ნესტის საწინააღმდეგო საშუალებებით დამუშავდა და კირხსნარის ფენით ახლიდან გადაილესა ეკლესიის კამარა. ნაგებობის კედლების ზედა ნაწილებიდან მოხსნილი კუსტარულად ნაშენი აგურისა და ბლოკის მონაკვეთები შესაფერისი ქვის წყობით ამოშენდა და ნიჩბისის ქვის თარო კარნიზით მოეწყო. პირვანდელ ზომებში აღდგა ეკლესიის ფრონტონები და გრძივი კედლები“,- აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.