პოლიციამ სურამში მეუღლის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პოლიციამ სურამში მეუღლის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიციამ მეუღლის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

შსს-ის ინფორმაციით, ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ი.ქ., ოჯახის წევრის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, სურამში დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეუღლეს – 1989 წელს დაბადებულ თ.რ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

მომხდარ ფაქტამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მეუღლეებს – თ.რ.-სა და ი.ქ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის თაობაზე განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს“, – ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.