სუნელი „ზაფრანა“, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებას შეიცავდა, ნავთლუღის ბაზარში იყიდებოდა
სუნელი „ზაფრანა“, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებას შეიცავდა, ნავთლუღის ბაზარში იყიდებოდა

სუნელი „ზაფრანა“, რომელიც ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერება „სუდან 1“-ს შეიცავდა, ნავთლუღის ბაზარში იყიდებოდა. პროდუქცია რეალიზაციიდან უკვე ამოღებულია.

საქმეზე პასუხისმგებაში მიცემული ქალბატონის ადვოკატი კახა მაღრაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბაზარში 20-30 წლის განმავლობაში ვაჭრობდა. ამასთან, ადვოკატის თქმით, ქალბატონისთვის უცნობი იყო, რომ მის მიერ გამოყენებული საღებავი ჯანმრთელობისთვის საშიში იყო.

„ექსპერტიზამ დაადგინა, რომ „ზაფრანაში“ იყო მომატებული არაორგანული ნივთიერება „სუდან 1“, რომელიც საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ქალბატონმა არ იცოდა ამ ფაქტის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არ მოახდენდა რეალიზაციას“, – განუცხადა პირველ არხს ადვოკატმა.

მაღრაძე ამბობს, რომ პასუხისმგებაში მიცემული ქალბატონი გამოძიებასთან თანამშრომლობს და მზადაა ყველა მითითება და რეკომენდაცია შეასრულოს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით ერთი მეწარმე პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ თბილისში მდებარე ერთ-ერთ საამქროში ამზადებდა სხვადასხვა დასახელების სუნელს, რისთვისაც იყენებდა მცენარეებს და საღებავებს, მათ შორის არასაკვები დანიშნულების აზო-საღებავს „სუდან 1“-ს, რომელიც საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.