სულხან სალაძე - თუ რა გავა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, თავიდან ბოლომდე ტელევიზიის გადასაწყვეტია და არის სარედაქციო დამოუკიდებლობის ნაწილი
საზოგადოებრივი მაუწყებელის მენეჯმენტსა თუ სამეურვეო საბჭოს აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ყველა კითხვას გასცემს პასუხს, – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ სულხან სალაძემ განაცხადა.
როგორც სულხან სალაძემ აღნიშნა, თუ რა გავა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, თავიდან ბოლომდე ტელევიზიის გადასაწყვეტია და არის სარედაქციო დამოუკიდებლობის ნაწილი.
„ფილმის ის ნაწილები, რაც ვნახე, არ ვიცი რამდენად საბოლოო ვერსიაა. შესაბამისად, შესაძლოა, გარკვეული ნაწილი შეიცვალოს, ან გადაკეთდეს ეს შემოქმედებითი პროცესის ნაწილია. რა გავა ეთერში, თავიდან ბოლომდე საზოგადოებრივი მაუწყებლის გადასაწყვეტია, ეს არის სარედაქციო დამოუკიდებლობის ნაწილი. თუ ფილმის ეთერში გასვლის შემდეგ ვინმე ჩათვლის, რომ ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია ან არსებობს სხვა ტიპის პრობლემები, ეს უკვე შემდგომი დისკუსიისა და განხილვების საგანი შეიძლება იყოს. ვიდრე ფილმი არ გასულა ეთერში, ღიად და საჯაროდ მასზე საუბარი არ იქნება გამართლებული”, – აღნიშნა სალაძემ.
მისივე თქმით, ნებისმიერი პროდუქტი, როდესაც საგამოძიებო მასალაზე საუბარი, დაცული უნდა იყოს ბალანსი და არ უნდა ირღვეოდეს უდანაშაულობის პრეზუმფცია.
„ფილმის არსებული ვარიანტის საჯაროდ შეფასებას მოვერიდებოდი, მაშინ როდესაც საზოგადოებას ეს არ უნახავს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს შესაძლოა, ჩაითვალოს სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევად. ფილმი მაუწყებელმა მოამზადა, ეს საზოგადოებამ იცის, ძალიან დიდი მოლოდინია ამ ფილმთან დაკავშირებით. ფილმის არგაშვება ასევე გამოწვევაა მაუწყებლისთვის, მაგრამ როგორ და როდის გავა, ეს თავიდან ბოლომდე საზოგადოებრივი მაუწყებლის გადასაწყვეტია”, – აღნიშნა სალაძემ.
პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა, გიორგი გვიმრაძემ 15 ივნისს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ „გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერ მომზადებულ ფილმის „სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან“ არსებული ფორმით გასაჯაროებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. გიორგი გვიმრაძემ განაცხადა, რომ ფილმზე სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება.