სულხან სალაძე - „რუსთავი 2“-ში საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის საკითხი სრულად ახალ მესაკუთრეზეა დამოკიდებული
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის განცხადებით, „რუსთავი 2“-ში საზოგადოებრივი საბჭოს შექმნის საკითხი სრულად ახალ მესაკუთრეზეა დამოკიდებული.
სალაძე განმარტავს, რომ განსხვავებით საზოგადოებრივი მაუწყებლისგან, კანონი კერძო მაუწყებლებს ამგვარი საბჭოების ქონას არ ავალდებულებს.
სალაძე განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მოქმედი მესაკუთრე საზოგადოებივი საბჭოს შექმნას დათანხმდება, საია-ს და კონკრეტულად მისი მონაწილეობა ამგვარ საბჭოში, ფუნქციებსა და ვალდებულებებზე იქნება დამოკიდებული.
„ჩვენ ვიცით, მხოლოდ „კურიერის“ გუნდის გუშინდელი განცხადება, სადაც მათ გამოთქვეს სურვილი, რომ ასეთი საბჭო შეიქმნას, რომელსაც ექნება გარკვეული ფუნქციები. თუმცა, თავიდან ბოლომდე რა შემადგენლობით და უფლებამოსილებითაც არ უნდა იყოს, ამ საბჭოს შექმნა დამოკიდებულია ამჟამინდელ მესაკუთრეზე და დირექტორზე, ვინც უნდა გაახმოვანოს ეს ყველაფერი. თუკი ამ საბჭოს ფუნქცია იქნება, რომ პროცესების გამჭვირვალობას შეუწყოს ხელი, შრომითი უფლებები იყოს დაცული, გარკვეული წინაპირობები შექმნას დამოუკიდებლობის, მაშინ, ცხადია, ასეთ საბჭოს შეიძლება ჰქონდეს აზრი. სხვა მხრივ, თუ საბჭოს მიზანი იქნება ფორმალურად შეკრება, იქ რაიმე საკითხებზე მსჯელობა და მაუწყებელში მოხდება ის, რასაც საჭიროდ ჩათვლის მესაკუთრე, მაშინ სჯობს, რომ ასეთი საბჭო არ შეიქმნას“, – აღნიშნა სალაძემ პირველ არხთან საუბრისას.