სულხან სალაძე - ნულოვანი ბარიერი ყველაზე მეტად გამოხატავს ამომრჩევლის ნებას საკანონმდებლო ორგანოში
სულხან სალაძე - ნულოვანი ბარიერი ყველაზე მეტად გამოხატავს ამომრჩევლის ნებას საკანონმდებლო ორგანოში

ნულოვანი ბარიერი ყველაზე მეტად გამოხატავს ამომრჩევლის ნებას საკანონმდებლო ორგანოში, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) თავმჯდომარემ სულხან სალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რაც უფრო სწრაფად შეთანხმდებიან პოლიტიკური პარტიები, რა ტიპის პროპორციულ საარჩევნო სისტემას აირჩევს ქვეყანა, უკეთესი იქნება.

„რაც უფრო სწრაფად შეთანხმდებიან პოლიტიკურ პარტიები, ქვეყანა რა ტიპის პროპორციულ საარჩევნო სისტემას აირჩევს, ეს იქნება ნულოვანი ბარიერი თუ 2,3 4 ან 5 პროცენტიანი ბარიერი, უკეთესია. მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემა არ ნიშნავს არჩევნების დემოკრატიულ პირობებში ჩატარებას, რადგანაც დღის წესრიგში რჩება ისეთი მწვავე საკითხები, როგორიცაა პარტიების დაფინასების საკითხი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება“, – აღნიშნა სულხან სალაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული საკითხების გადაწყვეტის გარეშე შეუძლებელია დემოკრატიულ გარემოში არჩევნების ჩატარება.

„ჩემი აზრით, იმის გათვალისწინებით, რა კონფიგურაციაა ახლა პარლამენტში, დღეს ყველაზე მეტი შანსი ნულოვანი ბარიერის სისტემას აქვს. კარგია, რომ პოლიტიკური პარტიები, მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, თანხმდებიან, რომ ნებისმიერ შემთხვევაში დაუჭერენ მხარს პროპორციულ სისტემას“, – განაცხადა საიას-ს თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.