NASA-ს მარსმავალი „პერსევერანსი“ ახალ სამშობლოს უახლოვდება — 471 მილიონი კილომეტრიდან მას გასავლელი დაახლოებით 50 მილიონი კილომეტრიღა დარჩა. ხომალდი წითელ პლანეტაზე დაშვებას 2021 წლის 18 თებერვალს დაიწყებს, მარსის ატმოსფეროში ის 19 500 კმ/სთ სიჩქარით შევა და შვიდი წუთის შემდეგ, პლანეტის ზედაპირს ნაზად შეეხება.
„ამჟამად ბოლო კორექტირებებზე ვმუშაობთ, რათა პერსევერანსი ბრწყინვალე პოზიციით დაჯდეს მარსის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილას. ვეღარ ვითმენთ, როდის შეეხება მისი ბორბლები მარსის მიწას“, — ამბობს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიაში, ფერნანდო აბილეირა.
პერსევერანსი სწორედ NASA-ს ამ დანაყოფმა ააგო და მართავს; მარსზე მას უკვე ელოდება კიდევ ერთი მავალი და სტატიკური ხომალდი, ორბიტაზე კი რამდენიმე თანამგზავრი. რით გამოირჩევა ეს ექვსბორბლიანი რობოტი მათგან?
1. პერსევერანსი უძველესი სიცოცხლის ნიშნებს მოძებნის.
მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის მარსის ზედაპირი ცივი უდაბნოა, NASA-ს წინა მისიებიდან მეცნიერებმა იციან, რომ წითელ პლანეტაზე ერთ დროს წყალი ჩუხჩუხებდა და ზედაპირზე საკმაოდ თბილი გარემო იყო, რაც შეიძლება ხელსაყრელიც იყო მიკრობული სიცოცხლისთვის.
„გვსურს, რომ პერსევერანსი დაგვეხმაროს შემდეგ ლოგიკურ კითხვაზე პასუხში: არის თუ არა სინამდვილეში წარსულის მიკრობული სიცოცხლის ნიშნები მარსზე? ამისათვის საჭირო იყო მარსზე გაგვეგზავნა ამ დროისათვის ყველაზე დახვეწილი რობოტი მეცნიერი“, — ამბობს პროექტის მეცნიერი კეტი სტაკ მორგანი.
ასტრობიოლოგიის ამ საკვანძო კითხვაზე პასუხის გასაცემად, პერსევერანსი აღჭურვილია მოწინავე სამეცნიერო ინსტრუმენტებით. წარსულის პოტენციური სიცოცხლის კვალის ძებნაში განსაკუთრებულ როლს ორი მათგანი შეასრულებს — SHERLOC-ი, რომელსაც ორგანული მასალებისა და მინერალების დაფიქსირება შეუძლია და PIXL-ი, რომელიც კლდეებისა და დანალქების ქიმიურ შემადგენლობას გაარკვევს. ამ ინსტრუმენთა წყალობით, მეცნიერები ანალიზებს ისეთ დეტალებში ჩაატარებენ, რაც ჯერ არ ჩაუტარებია მარსის არც ერთ სხვა მისიას.
პერსევერანსი ასევე გამოიყენებს ინსტრუმენტებს, რომლებითაც სამეცნიერო მონაცემებს დისტანციურად შეაგროვებს — Mastcam-Z-ის კამერებს დაახლოებით ფეხბურთის მოედნის ზომის მანძილიდან შეუძლიათ ნიადაგის სტრუქტურის დაზუმვა, SuperCam-ი კი ლაზერით დაშლის ქანებსა და რეგოლითებს, შემდეგ კი ამოსული მტვრის საშუალებით დაადგენს მის შემადგენლობას. ინსტრუმენტი RIMFAX-ი მიწისქვეშა გეოლოგიურ მახასიათებლებს რადარული ტალღების გამოყენებით შეისწავლის.
2. მავალი დაჯდება ადგილზე, სადაც საკმაოდ მაღალია წარსულის მიკრობული სიცოცხლის ნიშნების პოვნის შანსი.
რელიეფი, რომელიც მეცნიერებისთვის საინტერესოა, შეიძლება საკმაოდ გამომწვევი იყოს მავალის დაჯდომისთვის. თუმცა, პერსევერანსი აღჭურვილია ახალი ტექნოლოგიებით, რომელთა წყალობითაც, ის დასაჯდომ ადგილს უფრო ზუსტად ამოიღებს მიზანში და ავტონიმიურად აირიდებს თავიდან გზად შემხვედრ საფრთხეებს. შედეგად, ხომალდი დაჯდება ეზეროს კრატერში — 45 კმ სიგანის აუზში, რომელიც გამოირჩევა ციცაბო კლდეებით, ქვიშის დიუნებითა და ქვიანი ველებით.
3,5 მილიარდი წლის წინ, ამ კრატერში მდინარე ჩაედინებოდა და მოზრდილ ტბას წარმოქმნიდა; შერთვის ადგილას წარმოიქმნებოდა დელტა, სადაც დეპოზიტები ილექებოდა. პრესევერანსის სამეცნიერო ჯგუფის აზრით, მდინარის ამ უძველეს დელტასა და ტბის დანალექებში შემორჩენილი უნდა იყოს ორგანული მოლეკულები და მიკრობული სიცოცხლის სხვა პოტენციური ნიშნები.
3. პერსევერანსი ასევე შეაგროვებს მნიშვნელოვან მონაცემებს მარსის გეოლოგიისა და კლიმატის შესახებ.
მარსის გარშემო მოძრავი ხომალდები (ორბიტერები) ეზეროს კრატერის ფოტოებსა და მონაცემებს 332 კმ სიმაღლიდან აგროვებენ, მაგრამ ზედაპირზე უძველესი სიცოცხლის ნიშნების პოვნას გაცილებით ახლოდან შემოწმება სჭირდება. საჭიროა პერსევერანსის მსგავსი მავალი.
მარსის წარსულის კლიმატური გარემოს გაგება და ქანებში შემონახული გეოლოგიური ისტორიის წაკითხვა მეცნიერებს უფრო კარგ წარმოდგენას შეუქმნის იმის შესახებ, როგორი იყო პლანეტა შორეულ წარსულში. წითელი პლანეტის გეოლოგიისა და კლიმატის შესწავლა გარკვეულ ცნობებს მოგვცემს იმის შესახებაც, რატომ გასხვანაირდნენ ერთმანეთისგან წარსულში ასე მსგავსი ორი პლანეტა — დედამიწა და მარსი.
4. პერსევერანსი პირველი ნაბიჯია მარსზე ორმხრივი მოგზაურობისკენ.
მარსზე უძველესი სიცოცხლის კვალის პოვნა ურთულესი საქმეა. პერსევერანსი პირველი მავალია, რომელიც აღჭურვილია ნიმუშების შენახვის სისტემით, რათა მის მიერ აღებული და შენახული იმედისმომცემი ნიმუშები სამომავლო მისიებმა დედამიწაზე ჩამოიტანონ.
ქანების გაბურღვა-დაფხვნის ნაცვლად, როგორც ამას NASA-ს მავალი კურიოზიტი აკეთებს, პერსევერანსი დაახლოებით ცარცის ზომის ნიმუშებს ხელუხლებლად ამოჭრის და სპეციალურ ტუბებში შეინახავს. დაგეგმილია, რომ მან ნიმუშები ასევე გადასცეს ხომალდს, რომელსაც მომავალში NASA და ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) გაუშვებენ მის ჩამოსატანად.
მას შემდეგ, რაც ეს ნიმუშები დედამიწაზე მოხვდება, მათი შესწავლა შესაძლებელი იქნება ისეთი დიდი და კომპლექსური ინსტრუმენტებით, რომელთა მარსზე გაგზავნაც შეუძლებელია. შესაბამისად, მარსის შესახებ იმაზე გაცილებით მეტ დეტალს შევიტყობთ, ვიდრე ამას რომელიმე ყველაზე დახვეწილი მავალი გვეტყვის.
5. პერსევერანსი აღჭურვილია ინსტრუმენტებით და ტექნოლოგიით, რომლებიც გზას მოუმზადებს ადამიანთა მისიებს მთვარისა და მარსისკენ.
ამ მისიის იმ სამომავლო ტექნოლოგიებს შორის, რომლებიც შემდეგში ადამიანთა მისიას უნდა წაადგეს, არის Terrain-Relative Navigation. ის კოსმოსური ხომალდის ზედაპირზე დაშვების სისტემის ნაწილია და უზრუნველყოფს მის სწრაფ და ავტონომიურ დაშვებას, რისთვისაც დაშვების ადგილს მაღლიდან აღიქვამს და ტრაექტორიასაც მის შესაბამისად იცვლის.
გარდა ამისა, პერსევერანსი აღჭურვილია ტექნოლოგიური ექსპერიმენტით, სახელად MOXIE, რომელიც მარსის ატმოსფეროში არსებული ნახშირორჟანგისგან ჟანგბადს დაამზადებს. შესაბამისად, მოახდენს იმ გზის დემონსტრირებას, რომლითაც მარსზე ჩასულმა სამომავლო მკვლევრებმა ჟანგბადი შეიძლება აწარმოონ როგორც რაკეტების საწვავად, ისე სასუნთქად.
ორი სხვა ინსტრუმენტი ინჟინრებს დაეხმარება მარსის მომავალ მკვლევართა დაშვებისა და გადარჩენის სისტემების შექმნაში; ესენია MEDLI2 — მავალ კურიოზიტის სამეცნიერო ლაბორატორიის შემდეგი თაობა და ინსტრუმენტი MEDA — რომელიც მოგვაწვდის ინფორმაციას ამინდის, კლიმატის, ზედაპირის ულტრაიისფერი რადიაციისა და მტვრის შესახებ.
ამას გარდა, პერსევერანსი მარსის ჰაერში გაუშვებს ვერტმფრენს, სახელად Ingenuity. ეს ტექნოლოგიური ექსპერიმენტი მავალის სამეცნიერო მისიისგან განცალკევებულია და შეეცდება პირველ მექანიზირებულ, კონტროლირებად ფრენას სხვა პლანეტაზე. წარმატების შემთხვევაში, ის მარსზე 30 მარსული დღის (დედამიწის 31 დღე) განმავლობაში იფრენს და მის მიერ შეგროვებული მონაცემები გამოსადეგი იქნება წითელი პლანეტის სამომავლო მკვლევართათვის, მათ შორის ასტრონავტებისთვის.
6. მავალი პერსევერანსი განასახიერებს NASA-ს და მეცნიერების სულისკვეთებას გამოწვევების დაძლევის მიმართ.
კოსმოსური ხომალდის გაშვება პანდემიის დროს, უძველესი სიცოცხლის ნიშნების ძებნა, ნიმუშების შეგროვება და ახალი ტექნოლოგიების დამტკიცება არც ისე ადვილი საქმეა. არც მარსზე დაჯდომაა ია-ვარდით მოფენილი გზა — ნებისმიერი კოსმოსური სააგენტოს მიერ მარსზე დაჯდომების მხოლოდ 50 პროცენტი დასრულდა წარმატებით.
მისიის ჯგუფმა შთაგონება მავალის სახელიდან აიღო, რომელიც მას მთელ მსოფლიოში მიმდინარე კონკურსის შედეგად შეურჩიეს. ამის გათვალისწინებით, მისიის ხელმძღვანელობამ სამედიცინო საზოგადოებისა და პირველ ხაზზე მომუშავეთა პატივისცემის ნიშნად, მავალზე დაამონტაჟა სპეციალური დაფა. ჯგუფი იმედოვნებს, რომ მთელ მსოფლიოს, მომავალ მკვლევრებს შთააგონებს, რომ გაიკვალონ ახალი ბილიკები და გააკეთონ აღმოჩენები, რომელსაც მომავალი თაობა დაეფუძნება.
7. თქვენც მავალთან ერთად ივლით.
პერსევერანსის მისია აღჭურვილია იმაზე მეტი კამერით, რომელიც ოდესმე ჰქონია რომელიმე პლანეტათშორის მისიას. 19 კამერა თავად მავალზეა დამონტაჟებული, ოთხი კი ატმოსფეროში შემავალი, დამშვები და დასაჯდომი ხომალდის სხვადასხვა ნაწილებზე. მარსის წინა მისიების მსგავსად, პერსევერანსის მისია ნედლ და დამუშავებულ ფოტოებს მისიის ვებგვერდზე ატვირთავს.
თუ ყველაფერი კარგად წავიდა, საზოგადოება მაღალი ხარისხით იხილავს მარსის გარემოს და პირველად მოისმენს დაშვების ხმებსაც. მავალის SuperCam-ზე დამონტაჟებული კიდევ ერთი მიკროფონი მეცნიერებს ინსტრუმენტის მიერ შესწავლილი ქანების უკეთ აღქმაში და ქარების ხმის მოსმენაში დაეხმარება.
და კიდევ, თუ იმ 10,9 მილიონ ადამიანს შორის ხართ, რომელმაც თქვენი გვარ-სახელი მარსზე გასაგზავნ სახელთა სიაში ჩაწერეთ, მაშინ თქვენი სახელი ჩაწერილი იქნება სილიციუმის ჩიპზე, რომელიც მავალშია ჩამონტაჟებული. მასში მორზეს ანბანით ასევე ჩაწერილია სიტყვები „Explore as one“.
მომზადებულია jpl.nasa.gov-ის მიხედვით.