სუდანში სამხედრო საბჭო და ოპოზიცია სამწლიან გარდამავალ პერიოდზე შეთანხმდნენ
სუდანში სამწლიან გარდამავალ პერიოდზე შეთანხმდნენ. „ბიბისის“ ცნობით, სამხედრო საბჭომ და ოპოზიციამ შესაბამის შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. უახლოეს საათებში აფრიკულ სახელმწიფოში ახალი სუვერენული საბჭო შეიქმნება, რომელიც ქვეყანას არჩევნებამდე მართავს. ამ ხნის განმავლობაში ოპოზიციონერთა ალიანსის წევრები 300-მანდატიან უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სავარძლების ორ მესამედს დაიკავებენ.
პარალელურად ვრცელდება ცნობა, რომ სამხედრო საბჭოსა და ოპოზიციონერებს შორის შეთანხმების მიღწევამდე დემონსტრაციებზე აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი შეტაკების დროს ხუთი ადამიანი დაიღუპა.
გასულ თვეში სამხედრო გადატრიალების და პრეზიდენტ ომარ ალ-ბაშირის ჩამოგდების შემდეგ სუდანს სამხედრო საბჭო მართავს. ამასთან, გადატრიალების შემდეგ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ამავე პერიოდში ჩამოყალიბებულ სამხედრო საბჭოზე უარი თქვა. ოპოზიციონერების მეთაურობით ათასობით ადამიანი პოლიტიკური მმართველობის დამყარების მოთხოვნით დემონსტრაციებს მართავდა.