სუდანში სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტებისთვის სამხედროების მიერ გახსნილ ცეცხლს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა
სუდანში სახელმწიფო გადატრიალების წინააღმდეგ გამოსული დემონსტრანტებისთვის სამხედროების მიერ გახსნილ ცეცხლს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. შეტაკებისას 140-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
სახელმწიფო გადატრიალების ლიდერმა, გენერალმა, აბდელ ფათაჰ ალ-ბურჰანმა, რომელმაც მმართველი სამხედრო-სამოქალაქო სუვერენული საბჭო დაითხოვა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მან პირობა დადო, რომ ქვეყანაში არჩევნებს 2023 წელს ჩაატარებს, რის შემდეგაც ხელისუფლება არჩეულ სამოქალაქო მთავრობას გადაეცემა.
სუდანის ინფორმაციის სამინისტრო, რომელიც სამხედროების მიერ დაპატიმრებული პრემიერ-მინისტრ აბდალა ჰამდოკისადმი მხარდამჭერი რჩება, განაცხადა, რომ გარდამავალი კონსტიტუციის თანახმად, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების უფლება მხოლოდ პრემიერ-მინისტრს აქვს.
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა სუდანში გუშინ გამთენიისას მოხდა. ამბოხებულებმა სუდანის დედაქალაქში გზები გადაკეტეს და მთავრობის წევრების სახლებში შეიჭრნენ. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია სუდანის პრემიერ-მინისტრი აბდალა ჰამდოკი, რომელიც გაურკვეველი მიმართულებით გადაიყვანეს. დაკავებამდე პრემიერმა თავის მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ და მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდა.
ინფორმაციის სამინისტროს შორის, პრემიერ-მინისტრის გარდა, ასევე დაკავებული არიან მმართველი საბჭოს სამოქალაქო წევრები. დაკავებულებს შორის ასევე არის სახელმწიფო დირექტორის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი.