სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებული დაჯგუფების მებრძოლებს შორის შეტაკებების დროს მსხვერპლის რაოდენობა 59-მდე გაიზარდა
სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის შეტაკებების დროს მსხვერპლის რაოდენობა 59-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
სუდანის შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო დარტყმები მიიტანეს დედაქალაქ ხართუმთან მდებარე „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ ბაზაზე. დაღუპულები არიან მებრძოლებსა და სამხედროებს შორისაც, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია. დაშავებულია 600-მდე ადამიანი.
შეიარაღებული დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ და სუდანის არმია შეთანხმდნენ საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე სამი საათის განმავლობაში, რათა დაჭრილები საავადმყოფოებში გადაეყვანათ, თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, მიუხედავად გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტისა, აფეთქებები და სროლები მაინც არ წყდება. ეგვიპტის პრეზიდენტის განცხადებით, მეომარ მხარეებს ეგვიპტემ და სამხრეთ სუდანმა შუამავლობა შესთავაზეს.
თავის მხრივ, გაერო-ს მსოფლიო სურსათის პროგრამამ შეაჩერა ფუნქციონირება სუდანში მას შემდეგ, რაც 15 აპრილს გაერო-ს სამი თანამშრომელი დაიღუპა.
შეგახსენებთ, რომ ბრძოლა დაიწყო რამდენიმეთვიანი დაძაბულობის ესკალაციის შემდეგ სამხედრო მეთაურს, გენერალ ალ ბუჰრანსა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ ხელმძღვანელს, მუჰამედ ჰამდან დაგალოს შორის. დაპირისპირება სამხედრო დაჯგუფების ქვეყნის არმიაში გაერთიანების საკითხზე არსებული უთანხმოების მიზეზით მოხდა.