სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის შეტაკებების შედეგად 100-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა
სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის შეტაკებების შედეგად 100-ზე მეტი სამოქალაქო პირი დაიღუპა, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
სუდანის შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო დარტყმები მიიტანეს დედაქალაქ ხართუმთან მდებარე „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ ბაზაზე. დაღუპულები არიან მებრძოლებსა და სამხედროებს შორისაც, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია. დაშავებულია 600-მდე ადამიანი. მხარეები, დაჭრილების საავადმყოფოში გადაყვანის მიზნით, სამი საათით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა აფეთქებები და სროლები მაინც არ შეწყვეტილა.
დაპირისპირებულ მხარეებს ეგვიპტემ და სამხრეთ სუდანმა შუამავლობა შესთავაზეს. ქვეყანაში მედიაციისთვის ჩასვლას გეგმავენ კენიის, სამხრეთ სუდანისა და ჯიბუტის ლიდერები, რომლებიც მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
შეგახსენებთ, ბრძოლა დაიწყო რამდენიმეთვიანი დაძაბულობის ესკალაციის შემდეგ სამხედრო მეთაურ გენერალ ალ ბუჰრანსა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ ხელმძღვანელ მუჰამედ ჰამდან დაგალოს შორის. დაპირისპირება სამხედრო დაჯგუფების ქვეყნის არმიაში გაერთიანების საკითხზე არსებული უთანხმოების მიზეზით მოხდა.