სუდანის ზოოპარკში ლომები შიმშილისგან იხოცებიან. დედაქალაქ ხარტუმში მდებარე ალ-ქურეშის პარკში, იურისტმა ოსმან სალიჰმა ფოტოები შაბათს, 18 იანვარს გადაიღო. ფოტოებში ხუთი ლომია ასახული.
სიგამხდრისგან დაუძლურებულ ცხოველებს, ძვლებს მხოლოდ კანი უფარავთ. არასრულფასოვანი კვებისა და შესაბამისი მკურნალობის არარსებობის გამო, ერთ-ერთი ძუ ლომი ფოტოს გადაღებიდან ორ დღეში დაიღუპა.
ზოოპარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვიზიტორებისგან შესული თანხის გარდა, პარკს სახელმწიფო და კერძო დონორები ასპონსორებენ. თუმცა, ეს თანხები ლომების სრულფასოვნად გამოკვებისთვის ერთი კვირის განმავლობაშიც კი, საკმარისი არ არის. შიმშილისგან ცხოველებს სხეულის მასის ორი მესამედი აქვთ მოკლებული.
ფოტოების სოციალურ ქსელში გასაჯაროების შემდეგ, მსოფლიოში სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებმა ადამიანებმა ლომების გადასარჩენად დახმარების სურვილი გამოთქვეს. ფოტოების ავტორი დახმარების მსურველებს მოუწოდებს, დაელოდონ მის მითითებებს, რათა მათი გადმორიცხული თანხები სანდო ორგანიზაციის ხელში აღმოჩნდეს და ვინმემ ბოროტად სარგებლობა ვერ შეძლოს.