სუდანის ყოფილ პრეზიდენტ, ომარ ალ-ბაშირს სამშობლოში გაასამართლებენ.
როგორც სამხედრო საბჭოს პოლიტიკური კომიტეტის წევრები იუწყებიან, ომარ ალ-ბაშირს სხვა ქვეყანას არ გადასცემენ. 11 აპრილს ფორმირებული საბჭოს განმარტებით, ყოფილი პრეზიდენტის გასამართლება მათი მოვალეობაა და მისი სხვა ქვეყანაში ექსტრადირება არ მოხდება.
როგორც ცნობილია, ომარ ალ-ბაშირს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო დარფურის რეგიონში 2003 წელს განხორციელებულ გენოციდში დამნაშავედ მიიჩნევს და მისი დაკავების ორდერი აქვს გაცემული.
ომარ ალ-ბაშირმა აფრიკულ სახელმწიფოში ძალაუფლება 1989 წელს, სამხედრო გადატრიალების საშუალებით ჩაიგდო ხელში და საკუთარ თავი პრეზიდენტად გამოაცხადა. 1993 წლის შემდეგ სუდანი იზოლაციაში იმყოფება. ამავე წელს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ომარ ალ-ბაშირი და მისი მთავრობა ტერორისტების სპონსორების სიაში შეიყვანა. ოთხი წლის შემდეგ ვაშინგტონმა აფრიკული სახელმწიფოს წინააღმდეგ სანქციები დააწესა.