ამირან გამყრელიძე - დადასტურებულია, რომ შემდეგი ვაქცინა, რომელიც მოგვეწოდება, „ასტრაზენეკასი“ იქნება და დიდი ალბათობით, ქვეყანა მას მარტის პირველ ნახევარში მიიღებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განაცხადებით, დადასტურებულია, რომ შემდეგი ვაქცინა, რომელიც საქართველოს მოეწოდება, „ასტრაზენეკასი“ იქნება და დიდი ალბათობით, ქვეყანა მას მარტის პირველ ნახევარში მიიღებს.
ამასთან, როგორც გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ყველამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ კოვიდპანდემის დამარცხება უმთავრესად მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციით არის შესაძლებელი.
„პირველ ეტაპზე ქვეყანაში შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა, 29 250 დოზა, ორჯერადი გაკეთებით. ეს არის დაახლოებით 14 500 ადამიანის დოზა. როგორც მაქვს ინფორმაცია, ვაქცინა შემოვა თებერვლის მეორე ნახევარში. ასევე უკვე დადასტურებულია, რომ შემდეგი ვაქცინა, რომელიც მოგვეწოდება, იქნება „ასტრაზენეკასი“, 180-დან 300 ათას დოზამდე და ეს იქნება დიდი ალბათობით, მარტის პირველ ნახევარში.
ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ კოვიდპანდემის დამარცხების მთავარი გზა გადის მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე. თუ აიცრება მოსახლეობის 70 პროცენტი, ეს ნიშნავს, რომ კოვიდ პანდემია დამთავრდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.