„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებმა ისნის საოლქო კომისიის შენობიდან აბრა ჩამოხსნეს, რასაც მცირე ინციდენტი მოჰყვა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლებმა ისნის საოლქო კომისიის შენობიდან აბრა ჩამოხსნეს, რასაც მცირე ინციდენტი მოჰყვა

მცირე შეხლა-შემოხლა მოხდა აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ისნის მეხუთე საოლქო საარჩევნო კომისიასთან.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ლაშა დიარონმა საოლქო კომისიიდან აბრა ჩამოხსნა და დაბლა დააგდო, რასაც სამართალდამცველებთან მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

ლაშა დიარონი აცხადებს, რომ ამ კომისიას არ აქვს უფლება, შენობაზე ჰქონდეს აბრა, რადგან მისი შეფასებით, საოლქო კომისია არჩევნების შედეგებს აყალბებს.

ისნის მეხუთე საოლქო კომისიასთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეების განცხადებით, კომისიაში საჩივრების განხილვა მიმდინარეობს, მათ შორის, მათი საჩივრებიც არის.

აქციის მონაწილეებმა მცირე პერფორმანსიც მოაწყვეს. მათ ადგილზე გალია მიიტანეს, რომელშიც ფურცლებზე დაწერილი საოლქო კომისიის წევრების სახელები მოათავსეს და სიმბოლურად, გალიაში საკენკი ჩაყარეს.

„სტრატეგია აღმაშენებელის“ წარმომადგენელმა კომისიის სხდომაზე შესვლა მოითხოვა, თუმცა, ის კომისიის სხდომაზე ჯერ არ შეუშვიათ.