„სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს
„სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეჩერებას ითხოვს.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ითხოვს მორატორიუმის გამოცხადებას და პროცესის მოსახლეობის ჩართულობით წარმართვას.
„სტრატეგია აღმაშენებელი“ ვუერთდებით მოსახლეობის მოთხოვნას „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით. გამოცხადდეს მორატორიუმი და დაიწყოს დიალოგი მოსახლეობას და ხელისუფლებას შორის. წარიმართოს პროცესი ღიად, გამჭვირვალედ, მოსახლეობის ჩართულობით და ჯანსაღი ფორმის კომუნიკაციით.
მოსახლეობამ მთელი ზამთარი რიონის პირას, კარავში გაატარა იმის გამო, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით გაჩენილ შეკითხვებზე ზუსტი და კონკრეტული პასუხები ვერ მიიღო. აუცილებელია ამ საკითხზე საერთო კონსენსუსი, რათა არ დავაზარალოთ ჩვენი ქვეყანა კაბალური ხელშეკრულებით, არ დავაზიანოთ ჩვენი უნიკალური, ულამაზესი ბუნება, საფრთხე არ შევუქმნათ ადგილობრივ მოსახლეობას მეწყერსაშიშ რეგიონში კაშხლის მშენებლობით, დავიცვათ სეისმურად აქტიურ ზონაში კაშხლის მშენებლობის სტანდარტები სწორი გათვლებით და ანალიზით, უსაფრთხო ახალი ტექნოლოგიებით და უსაფრთხოების ყველა ნორმების დაცვით.
რაც შეეხება ქსენოფობიურ განცხადებებს, ეს არის ხელისუფლების ცრუ ბრალდება და ამით სპეკულირება უნდა შეწყდეს. ვინმემ რამე მსგავსი თუ თქვა, არ შეიძლება, მთლიანად პროტესტის მონაწილეებზე გავრცელდეს და მოსახლეობას დაბრალდეს“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.