„სტრატეგია აღმაშენებელი“ - მადლობა ლევან ხაბეიშვილს უშიშარი ბრძოლისთვის, ვულოცავთ თინა ბოკუჩავას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ წარდგენას, ბრძოლა გრძელდება
მადლობა ლევან ხაბეიშვილს ძალიან რთულ პერიოდში უშიშარი ბრძოლისთვის, ვულოცავთ თინა ბოკუჩავას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ წარდგენას, – ამის შესახებ აღნიშნულია „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „ნაციონალური მოძრაობაში“ შიდა პარტიული გადაჯგუფება ლიდერების შესაძლებლობების ოპტიმალურად გამოყენებას ემსახურება.
ამასთან, როგორც პარტიაში აცხადებენ, მათ საერთო სამოქმედო გეგმა აქვთ.
„მადლობა ლევან ხაბეიშვილს ძალიან რთულ პერიოდში უშიშარი ბრძოლისთვის, ის ნამდვილად საიმედო მეგობარი და თანამებრძოლია. ლევანის ღირსებაზე მეტყველებს ის, რომ მას არასდროს უბრძოლია სკამისთვის და მისი მოტივაცია ყოველთვის იყო, ყოფილიყო იქ, სადაც მისი გუნდისთვის იქნებოდა უკეთესი და ხალხს დასჭირდებოდა. სწორედ ამაზე მიუთითებს მის მიერ მიღებული დღევანდელი გადაწყვეტილებაც. პირველ რიგში, ვუსურვებთ მას მალე გამოჯანმრთელებას და ბრძოლის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას.
ვულოცავთ თინა ბოკუჩავას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ წარდგენას და ვუსურვებთ წარმატებებს ამ გადამწყვეტ პერიოდში. მან დაამტკიცა, რომ მართლაც არის უკომპრომისო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში და დარწმუნებულები ვართ, რომ მისი გამოცდილება და უნარები ახალ იმპულსს მისცემს საერთო ოპოზიციურ ერთობას, თავის წვლილს შეიტანს რუსული რეჟიმის წინააღმდეგ საერთო ოპოზიციურ ბრძოლაში და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საქმეში.
რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. ეს არის შიდა პარტიული გადაჯგუფება იმისთვის, რომ ოპტიმალურად იყოს გამოყენებული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების შესაძლებლობები. ჩვენ გვაქვს საერთო სამოქმედო გეგმა. ჩვენ ვიცით, როგორ უნდა შევცვალოთ რეჟიმი და ეს ეს ბრძოლა აუცილებლად დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დღეს განაცხადა. მან შემცვლელად თინა ბოკუჩავას კანდიდატურა წარადგინა.