“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მიესალმება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილის საქმეზე და საქართველოს მთავრობისგან პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ელოდება. ამის შესახებ ბრიფინგზე ზაზა ბიბილაშვილმა ისაუბრა.
„მივესალმებით ევროსასამართლოს დიდი პალატის უპრეცედენტო გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილის საქმეზე, რომელიც ცალსახად ადასტურებს, რომ დღეს საქართველოში არიან პოლიტპატიმრები.
ეს გადაწყვეტილება ისტორიულია, რადგან ევროსასამართლოს არსებობის 60-წლიან ისტორიაში სასამართლომ სულ მეექვსედ დაადგინა მე-18 მუხლის დარღვევა, ხოლო დიდი პალატის შემთხვევაში ეს იყო პირველი პრეცედენტი. მე-18 მუხლის დარღვევა ნიშნავს, რომ ადამიანის პატიმრობა ემსახურება არა მართლმსაჯულების განხორციელების, არამედ სხვა მიზნებს.
ყველა სხვა შემთხვევაში, როცა სასამართლოს მიერ დადგინდა მე-18 მუხლის დარღვევა, ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლება, მათ შორის პუტინის რუსეთი და იანუკოვიჩის უკრაინა, იძულებულები იყვნენ უკანონო პატიმრები პატიმრობიდან გაეთავისუფლებინათ.
ახლა გამოჩნდება, შერჩა თუ არა ხელისუფლებას საღის აზრის მცირედი ნატამალი მაინც.
არჩევანი მარტივია – ან ოლიგარქიული რეჟიმი გააგრძელებს სახელმწიფო ინტერესების შემდგომ დაზიანებას, ან მან უნდა გაათავისუფლოს ვანო მერაბიშვილი.
ამ პროცესში შეუძლებელია არ აღინიშნოს საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის როლი, რომელმაც სულ რაღაც ერთი საათის წინ მისი ხელისუფლების მორიგი, უპრეცედენტო მარცხი წარმატებად წარუდგინა ჩვენს ხალხს”,-განაცხადა ბიბილაშვილმა.
ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ საქმეზე – ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, გადაწყვეტილება გამოაცხადა.