სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ „გაზპრომს“ უკრაინის „ნაფტოგაზისთვის“ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლომ რუსული კონცერნის „გაზპორმის“ წინააღმდეგ უკრაინის კომპანია „ნაფტოგაზის“ სარჩელი დააკმაყოფილა. საარბიტრაჟო სასამართლომ „გაზპრომს“ კომპენსაციის სახით „ნაფტოგაზისთვის“ 4,63 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრა ტრანზიტისთვის გაზის შეთანხმებული მოცულობის არასრული მიწოდების სანაცვლოდ.
წინა სასამართლო დადგენილების გათვალისწინებით, რომლითაც კომპენსაციის გადახდა „ნაფტოგაზს“ დაეკისრა, „გაზპრომმა“ „ნაფტოგაზს“ 2.56 მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.
ამავე დროს, არბიტრაჟმა არ დააკმაყოფილა უკრაინული მხარის მოთხოვნა სატრანზიტო ტარიფის გადახედვისა და უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად ხელშეკრულების შეცვლის შესახებ.
როგორც ცნობილია, „ნაფტოგაზი“ „გაზპრომისგან“ 16 მილიარდი დოლარის გადახდას, ტარიფების გადახედვასა და კონტრაქტის უკრაინული და ევროპული კანონმდებლობის შესაბამისად ცვლილებას ითხოვდა. „ნაფტოგაზსა“ და „გაზპრომს“ შორის ტრანზიტის შესახებ კონტრაქტის ვადა 2019 წელს იწურება. დოკუმენტის თანახმად, „გაზპრომმა“ ყოველწლიურად უკრაინას ტრანზიტისთვის უნდა მიაწოდოს სულ მცირე 110 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. ამასთან, როგორც „ინტერფაქსი“ წერს, კონტრაქტის მოქმედი ვერსია უფრო ნაკლები მოცულობის მიწოდებისთვის ჯარიმას არ ითვალისწინებს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ „გაზპრომმა“ 1 მარტიდან უკრაინაში გაზის ექსპორტის განახლებაზე უარი განაცხადა. როგორც რუსული კომპანიის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ ალექსანდრ მედვედევმა განაცხადა, „გაზპრომმა“ უკრაინის „ნაფტოგაზისგან“ მარტის თვის გადასახადი მიიღო, თუმცა თანხა უკან დააბრუნა.
როგორც სააგენტო LB.ua წერს, 22 დეკემბერს სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ნაფტოგაზს“ უნდა დაეწყო რუსული გაზის შეძენა არა ნაკლებ ხუთი მილიარდი კუბური მეტრის მოცულობით კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე. მანამდე, 2015 წლის ნოემბერში უკრაინამ რუსული გაზის იმპორტზე მისი მაღალი ფასის გამო უარი თქვა.