ენტონი ბლინკენი სტოკჰოლმში სერგეი ლავროვს შეხვდა
ენტონი ბლინკენი სტოკჰოლმში სერგეი ლავროვს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში შეხვედრა გამართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„კრიზისის თავიდან არიდების საუკეთესო გზა დიპლომატიაა“, – განაცხადა ბლინკენმა ლავროვთან შეხვედრის დაწყებამდე.

მისი თქმით, ოფიციალურმა მოსკოვმა და კიევმა უნდა შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები 2014 წლის „მინსკის სამშვიდობო პროცესის“ მიხედვით, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთში ომის დასრულებას ისახავს მიზნად.

„ვაშინგტონი ამისთვის ხელშესაწყობად მზად იყო, მაგრამ თუ რუსეთი კონფრონტაციის გაგრძელებას გადაწყვეტს, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება.

საპასუხოდ, ლავროვმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ მოსკოვი კიევთან დიალოგისთვის მზადაა. „ჩვენ, როგორც პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, არ გვინდა რაიმე სახის კონფლიქტი“,- აღნიშნა ლავროვმა.

ენტონი ბლინკენისა და სერგეი ლავროვის შეხვედრის შესახებ განცხადება გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ ფრაისმაც.

ფრაისის თქმით, ბლინკენსა და ლავროვს ჰქონდათ „სერიოზული, ფხიზელი და საქმიანი“ შეხვედრა, სადაც მხარეებმა ისაუბრეს უკრაინის აღმოსავლეთთან დაკავშირებით „მინსკის სამშვიდობო შეთანხმებების“ განხორციელების თაობაზე, როგორც კრიზისიდან გამოსვლის შესაძლო გზაზე. ფრაისი ამბობს, რომ მეტად სიღრმისეული, ინტენსიური დიპლომატია მომდევნო დღეებში იქნება.

„მოსკოვმა სამხედრო ესკალაციის გზა თუ აირჩია, მდივანმა ბლინკენმა ნათლად აჩვენა, რომ შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები მზად არიან მნიშვნელოვანი საფასურის დასაკისრებლად“, – დასძინა ნედ ფრაისმა.