სტოკჰოლმის მშვიდობის ინსტიტუტი - პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს მსოფლიოში იარაღზე შესაძენად დახარჯული თანხა გაიზარდა
პანდემიის მიუხედავად, 2020 წელს მსოფლიოში იარაღზე შესაძენად დახარჯული თანხა გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სტოკჰოლმის მშვიდობის ინსტიტუტი ავრცელებს. ყოველწლიური კვლევის მიხედვით, 2020 წელს მსოფლიოში შეიარაღების შესყიდვის ხარჯებმა 1,98 ტრილიონი დოლარი შეადგინა.
2019 წელთან შედარებით, ეს თანხა 2,6%-ითაა გაზრდილი. ასევე გაიზარდა ქვეყნების მიერ შეიარაღების შეძენისთვის სახელმწიფო ბიუჯეტებიდან გამოყოფილი თანხის მოცულობაც. თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ ეს დიდწილად ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის კლების ხარჯზე მოხდა.
კვლევის თანახმად, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის კლებამ ავტომატურად გამოიწვია სამხედრო ხარჯების წილის მომატება.
ამრიგად, წელს ნატო-ს წესდების მოთხოვნა, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ი სამხედრო ხარჯებისთვის გამოყოფას ითვალისწინებს, ალიანსის 12-მა წევრმა დააკმაყოფილა. ამ სახელმწიფოებს შორის 2009 წლის შემდეგ პირველად მოხვდა საფრანგეთი.
ამასთან, რამდენიმე ქვეყანამ სამხედრო ხარჯების ნაწილი პანდემიასთან ბრძოლისთვის გამოიყენა. მათ შორის იყო ჩილე და სამხრეთ კორეა. შეიარაღების შესყიდვაზე დაგეგმილზე ნაკლები დახარჯა რუსეთმა და ბრაზილიამ.
თუმცა, ექსპერტების განმარტებით, პანდემიამ სამხედრო ხარჯებზე მნიშვნელოვანი გავლენა ვერ მოახდინა. შეიარაღების შესყიდვით ხუთი მოწინავე ქვეყანა კვლავ აშშ, ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი და დიდი ბრიტანეთი არიან.