ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკომპანია „ავიასერვისის“ ვერტმფრენი AS 350, რომელიც ასრულებდა ფრენებს სტეფანწმინდის რაიონის ართმხოს ხეობაში, 2700 მეტრ სიმაღლეზე დაფრენისას, ჯერ დაუდგენელი მიზეზების გამო დაზიანდა.
როგორც პირველ არხს სამინისტროდან აცნობეს, ვერტმფრენის მფრინავი და ბორტზე მყოფი მგზავრები არ დაშავებულან.
„მომხდარ საავიაციო შემთხვევას იკვლევს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო.
ამ წუთებში გუდაურიდან ართმხოს ხეობაში მიემგზავრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, რომელიც ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. მისი განცხადებით, ვერტმფრენის ყველა მგზავრი სრულიად უვნებელია და მიმდინარეობს მოკვლევა მომხდარი შემთხვევის მიზეზების დასადგენად“,- აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, ავიაკომპანია „ავიასერვისის” წარმომადგენელის განცხადებით, ვერტმფრენში რვა ადამიანი იჯდა. მათ შორის ოთხი ტურისტი, ერთი ტურმენეჯერი, ინსტრუქტორი, გიდი და პილოტია.
“ჩვენ ყველა უწყებას გადავეცით შესაბამისი ინფორმაცია, მიმდინარეობს მოკვლევა რომ მიზეზი დადგინდეს. ვერტმფრენი კერძო დაკვეთით ასრულებდა ფრენას სტეფანწმინდიდან ართმხოს ხეობაში. დაჯდომის დროს დაზიანდა. ყველა ტურისტი უკვე სასტუმროშია განთავსებული”, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.