სტამბოლის მერობის არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით ოპოზიციონერი კანდიდატი ლიდერობს
სტამბოლის მერობის არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით ოპოზიციონერი კანდიდატი ლიდერობს.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, „სახალხო რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი, ეკრემ იმამოღლუს მხარი ამომრჩეველთა 53,6 პროცენტმა დაუჭირა. ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხმების 94 პროცენტი უკვე დათვლილია.
თურქეთის ქალაქის მერობისთვის სულ ოთხი კანდიდატი იბრძვის. თუმცა, მთავარი ორთაბრძოლა ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრ, ბინალი ილდირიმსა და ოპოზიციონერ ეკრემ იმამოღლუს შორისაა. ბინალი ილდირიმი მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის წევრია.
მიმდინარე წლის მაისში გამართულ არჩევნებზე ეკრემ იმამოღლუმ ბინალი ილდირიმთან შედარებით 15 ათასი ხმით მეტი მიიღო. თუმცა მმართველმა პარტიამ შედეგები გააპროტესტა. მათი თქმით, არჩევნებზე ადგილი ჰქონდა დარღვევებს. შედეგად საარჩევნო კომისიამ შედეგები გააუქმა და ახალი არჩევნები დანიშნა.
მაშინ ევროკავშირმა თურქეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდა, დეტალურად წარმოედგინა ის მიზეზები, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.