ხმათა 99.37 პროცენტის დათვლის შემდეგ, სტამბოლის მერის არჩევნებში ოპოზიციონერი ეკრემ იმამოღლუ ლიდერობს
ხმათა 99.37 პროცენტის დათვლის შემდეგ, სტამბოლის მერის არჩევნებში ოპოზიციონერი ეკრემ იმამოღლუ ლიდერობს

სტამბოლის მერის არჩევნებზე ხმათა 99.37 პროცენტის დათვლის შემდეგ, ოპოზიციონერ ეკრემ იმამოღლუს ხმათა 54.03 პროცენტი აქვს.

თურქეთის ცენტრალური საარჩევნო საბჭოს მონაცემებით, მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიის წარმომადგენელმა, ბინალი ილდირიმმა ხმათა 45.09 პროცენტი მიიღო.

თურქული მედიის ინფორმაციით, ეკრემ იმამოღლუს სტამბოლის 4.7 მილიონმა მცხოვრებმა დაუჭირა მხარი, ბინალი ილდირიმს კი ოთხმა მილიონმა მოქალაქემ.

„ეს არჩევნები მოიგო არა პარტიამ, არამედ მთელმა სტამბოლმა. მე ყველას კეთილდღეობისთვის ვიმუშავებ. ეს ყველაზე საპატიო ვალია ჩემს ცხოვრებაში. დღევანდელმა არჩევნებმა თურქეთის დემოკრატიულ საარჩევნო პროცესში დიდი წვლილი შეიტანა. დაე, მან ჩვენს ქვეყანას კეთილდღეობა მოუტანოს“, – განაცხადა გამარჯვებულმა იმამოღლუმ.

კანდიდატს არჩევნებში გამარჯვება უკვე მიულოცეს მეტოქე ბინალი ილდირიმმა და თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მუნიციპალური არჩევნები თურქეთში 31 მარს ჩატარდა. სტამბოლში არჩევნები მაშინ ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ წარმომადგენელმა, ეკრემ იმამოღლუმ მოიგო, თუმცა მმართველი პარტიის საჩივრების გამო, არჩევნების შედეგები გაუქმდა და მეორე ტური დაინიშნა.