სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ ფუნქციები იცვლება
მთავრობის მიერ შპს „ანაკლიის განვითართების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ ფუნქციები იცვლება.
ახალი დებულების მიხედვით, სააგენტო იმუშავებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის ინტერესთა გამოხატვის პირობების შემუშავებასა და გამოცხადებაზე.
ასევე, სააგენტოს ფუნქცია იქნება პოტენციურ ინვესტორთა მოსაზიდად საჭირო კვლევების განახლება ან თავიდან ჩატარება, პროექტის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან კოორდინაცია და კანდიდატთა შერჩევა.
ახალი ფუნქციის სათანადოდ შესრულების მიზნით, სახელმწიფო კონტროლს „ანაკლიის განვითარების სააგენტოს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გაუწევს.
სააგენტო 2017 წლის 23 მარტს შეიქმნა და მისი ფუნქცია საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადმოცემის (BOT) შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულების მონიტორინგი, ანუ ინვესტორის მიერ სახელმწიფოს წინაშე ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობა იყო.
საქართველოს მთავრობამ შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება, კონსორციუმის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2020 წლის 9 იანვარს შეწყვიტა.
შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ანაკლიის პორტის პროექტისთვის ახალი ინტერესთა გამოხატვის წინადადების შემუშავების საკითხი.