სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს ხვდება
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს, გეგა გეგეშიძეს ხვდება.
პარლამენტში დახურულ კარს მიღმა მიმდინარე შეხვედრაზე ჭიდაობის ფედერაციაში მხარეები ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.
ყაველაშვილსა და გეგეშიძეს, შეხვედრის დაწყებამდე, მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ორი დღის წინ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს შეხვდა და ჭიდაობის ფედერაციაში არსებული პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
შეგახსენებთ, 2019 წლის 11 იანვარს ზურაბ დათუნაშვილსა და რობერტ კობლიაშვილს შორის ფინალური შეხვედრისას მსაჯის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ჩხუბი მოჰყვა. დაპირისპირებაში ჩართულნი იყვნენ როგორც თავად სპორტსმენები, აგრეთვე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლები. დაპირისპირების შემდეგ, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ზურაბ დათუნაშვილმა განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს. სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, 22 იანვარს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე დააკავეს. სასამართლომ გეგა გეგეშიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა და ის თანამდებობასაც ინარჩუნებს.