სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შსს-ს საქმიანობასთან დაკავშირებით რეკომენდაციებით მიმართა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შსს-ს საქმიანობასთან დაკავშირებით რეკომენდაციებით მიმართა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შსს-ს საქმიანობასთან დაკავშირებით რეკომენდაციები გასცა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიშში საუბარია სამართალდამცავთა საქმიანობის ცალკეულ ტენდენციებზე და გამოძიებით დადგენილი ხარვეზების გამოსასწორებლად შესასრულებელ რეკომენდაციებზე. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გასცა, დაკავების სტანდარტების გაუმჯობესებას და ნეიტრალური მტკიცებულებების გაზრდას ეხება.

„არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში ფიგურირებს სულ 261 სავარაუდო მსხვერპლი, რომელთა 52% დაკავებული იყო სამართალდამცავების მიერ და მიუთითებდნენ ფიზიკური ძალის არაპროპორციულად და გადამეტებით გამოყენების შემთხვევებზე. მიზანშეწონილია, შემუშავებული სახელმძღვანელო დოკუმენტის/სასწავლო მოდულისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, მაღალი სტანდარტით დაკავების ღონისძიების განსახორციელებლად შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეტაპობრივად, კასკადურად დაიწყოს იმ თანამშრომელთა გადამზადება, ვისაც უშუალოდ უწევთ პირის დაკავება ან/და გადაყვანა. მოქალაქესა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი ინციდენტის ობიექტურად შესაფასებლად აუცილებელია ნეიტრალური მტკიცებულების არსებობა, რომლის საუკეთესო საშუალებასაც სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერები წარმოადგენს. მიზანშეწონილია, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლების მხრიდან სამხრე კამერების ეფექტური გამოყენებით გაიზარდოს ნეიტრალური მტკიცებულების (ვიდეოჩანაწერის) მოპოვების შემთხვევები“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, ერთ-ერთი რეკომენდაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან ვიდეოჩანაწერების გამოთხოვას ეხება. საგამოძიებო პრაქტიკის ანალიზის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ განჩინების გადაგზავნის შემდგომ „112“ სამართლებრივი აქტით დადგენილ ვადაში აწვდის სამსახურს ვიდეოჩანაწერებს, აუცილებელია ამ ვადების შემცირება და ჩანაწერების მოკლე დროში გადმოცემა, რათა მოქალაქეთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირება უფრო სწრაფად მოხდეს.

ასევე რეკომენდაცია გაიცა, სამართალდამცავმა ორგანომ ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების თაობაზე შეიმუშაოს და პრაქტიკაში დანერგოს სტანდარტული ოპერაციული წესები/სასწავლო მოდული, რომელიც დაარეგულირებს დაკავებული პირების მიმართ ხელბორკილის გამოყენების სტანდარტებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, აღნიშნული რეკომენდაციების ირგვლივ სპეციალური საგამოძიებო სამსახური სამართალდამცავ ორგანოებთან სამოხელეო დანაშაულის პრევენციის საბჭოს ფორმატში აქტიურად თანამშრომლობს.