სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიშის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის უფლებით უკვე 100-მდე მოქალაქემ ისარგებლა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიშის თანახმად, სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის უფლებით უკვე 100-მდე მოქალაქემ ისარგებლა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიშის თანახმად, ყველა მოქალაქეს მის სისხლის სამართლის საქმესთან წვდომისა და საქმის მასალების გაცნობის უფლება მიეცა.

როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშშია აღნიშნული, ყველა იმ მოქალაქეს და პოტენციურ დაზარალებულს, რომელიც შეიძლება, არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყოს, სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის უფლება მიეცა.

„ეს გამჭვირვალე გამოძიების წარმოების საუკეთესო მოდელია, რომელიც სრულად შეესაბამება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტებს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, რომელიც პირველია საგამოძიებო ორგანოებისთვის, სავარაუდო მსხვერპლს უფლება აქვს, პირადად გაეცნოს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს, ექსპერტიზის დასკვნებს, ვიდეო, აუდიო და საქმის სხვა მასალებს. ასევე, გამოთქვას მოსაზრებები და მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. აღნიშნული უფლების გამოყენებით მოქალაქე უშუალოდ აკვირდება გამოძიების მიმდინარეობას და თავად მონაწილეობს ამ პროცესში.

ამ წესის ამოქმედებიდან დღემდე 100-მდე დაინტერესებულმა მოქალაქემ და მათმა ადვოკატებმა ისარგებლეს უკვე ამ შესაძლებლობით“, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.

მათი განცხადებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მთავარ პრიორიტეტს გამჭვირვალე გამოძიების სტანდარტების დახვეწა და პოტენციურ მსხვერპლთა უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნა წარმოადგენს.

„არასათანადო მოპყრობის მსხვერპლისათვის სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობისა და ინფორმაციის მიწოდების შესახებ სახელმძღვანელო დოკუმენტი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცდა და 2022 წლის 27 ივლისიდან ამოქმედდა“, – აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.