ირაკლი ქადაგიშვილი - პროკურატურა გაცილებით ძლიერი ინსტიტუციაა, ვიდრე სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პროკურატურის ფორმირებაში მთავრობა მონაწილეობას არ იღებს
ირაკლი ქადაგიშვილი - პროკურატურა გაცილებით ძლიერი ინსტიტუციაა, ვიდრე სპეციალური საგამოძიებო სამსახური, პროკურატურის ფორმირებაში მთავრობა მონაწილეობას არ იღებს

პროკურატურა გაცილებით უფრო ძლიერი ინსტიტუციაა, ვიდრე სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ამიტომ ეს ფუნქცია უფრო ძლიერი ინსტიტუციის ქვეშ გადადის, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, პროკურატურა მთავრობის ნაწილი არ არის, ის დამოუკიდებელი ინსტიტუციაა და მის ფორმირებაში მთავრობა არანაირ მონაწილეობას არ იღებს.

„გარედან ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური შექმნილიყო. სამართალდაცვით სისტემაში პროკურატურის და ამ სამსახურის წონა რომ შევადაროთ, დავინახავთ, პროკურატურა თავისი ფუნქციური დატვირთვით გაცილებით უფრო ძლიერი ინსტიტუციაა. ამიტომ ეს ფუნქცია უფრო ძლიერი ინსტიტუციის ქვეშ გადადის. პროკურატურა მთავრობის ნაწილი არ არის, ის დამოუკიდებელი ინსტიტუციაა და მის ფორმირებაში მთავრობა არანაირ მონაწილეობას არ იღებს. ოპოზიცია რასაც ამბობს, სპეკულაციაა. პროკურატურა სასამართლოში ყველა საქმეს წაიღებს, რასაც აქამდე სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებდა. ეს სამსახური მხოლოდ გამომძიებელია, ბრალმდებელი არ არის. ბრალმდებელი ისევ პროკურატურა უნდა ყოფილიყო. ახლა გამომძიებლის და ბრალდებელის ფუნქცია პროკურატურას ექნება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციის საქმეა, ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილებას ძალა შეალიოს, თუმცა არგუმენტები არ აქვთ.

„ვერავინ ამიხსნის, თუ რატომ არის სპეციალური საგამოძიებო სამსახური უფრო დამოუკიდებელი და სამართლებრივად ძლიერი, ვიდრე პროკურატურა, პროკურატურაზე აღმატებულია გამოძიების და სამართლის თვალსაზრისით. მისი დამოუკიდებლობაც უფრო მეტია, ვიდრე სპეციალური საგამოძიებო სამსახურია, რადგან მისი ფორმირება სხვა ფორმით ხდება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უწყება საქართველოს გენერალურ პროკურატურას შეუერთდება.