არჩილ გორდულაძე - საქართველოში პროკურატურაზე უფრო დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ არსებობს, ანგარიშს მხოლოდ პარლამენტს წარუდგენს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტატუსი კი კითხვებს აჩენს
არჩილ გორდულაძე - საქართველოში პროკურატურაზე უფრო დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ არსებობს, ანგარიშს მხოლოდ პარლამენტს წარუდგენს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტატუსი კი კითხვებს აჩენს

საქართველოში პროკურატურაზე უფრო დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ არსებობს, კონსტიტუციით ეს უწყება სრულად დამოუკიდებელია და ანგარიშს მხოლოდ პარლამენტს წარუდგენს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძე განაცხადა.

მისი თქმით, ეფექტურობის თვალსაზრისით უმჯობესია, რომ პროკურატურამ გააგრძელოს როგორც საპროკურორო ზედამხედველობა, ასევე გამოძიება იმ საქმეებზე, რომლებიც ეხება სამართალდამცავების მიერ დარღვევების ჩადენას.

„საქართველოში პროკურატურაზე უფრო დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ არსებობს. კონსტიტუციით გათვალისწინებულია, რომ ეს უწყება სრულად დამოუკიდებელია და ანგარიშს მხოლოდ პარლამენტს წარუდგენს და ისიც არა კონკრეტულ საქმეებზე, არამედ მხოლოდ სისხლის სამართლის პოლიტიკაზე. კონსტიტუციის ჭრილში სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტატუსი კითხვებს აჩენს. მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკური კონტექსტისგან სრულად დაცლილია, აქ სამართლებრივი ნაწილი არსებობს. ჩვენ წესრიგი უნდა გვქონდეს უზრუნველყოფილი სახელმწიფო ორგანოების თვალსაზრისით. კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები სრულად დაცლილია პოლიტიკისგან. არსებული საქმეები სრულად პროკურატურას გადაეცემა და სწორედ იქ გაგრძელდება გამოძიება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ, მოქმედი რედაქციით, საქართველოს პროკურატურა უზრუნველყოფს გამოძიების საპროცესო ზედამხედველობას და ამ ორ ორგანოს შორის ბმა ბუნებრივად არსებობდა და არსებობს. ეფექტურობის თვალსაზრისითაც უმჯობესია, რომ პროკურატურამ გააგრძელოს როგორც საპროკურორო ზედამხედველობა, ასევე გამოძიება იმ საქმეებზე, რომლებიც ეხება სამართალდამცავების მიერ დარღვევების ჩადენას“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, უწყება საქართველოს გენერალურ პროკურატურას შეუერთდება.