სპეციალური პენიტენციური სამსახურის საქმიანობისა და ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებათა გაფართოების მიზნით ახალი ცვლილებები მომზადდა
იუსტიციის სამინისტრო პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტით მიმართავს, რომელიც რამდენიმე სიახლეს ითვალისწინებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის საქმიანობის, ასევე ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებათა გაფართოების მიმართულებით.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ გაუქმდება სამსახურის სპეციალურ და სამოქალაქო დანაყოფებად დაყოფა (დღეს სამსახურის სპეციალური დანაყოფებია პენიტენციური დაწესებულებები, პენიტენციური დეპარტამენტი და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის დეპარტამენტი, ხოლო ყველა სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფი − სამოქალაქო დანაყოფი).
სამინისტრო განმარტავს, რომ, დანაყოფების გაუქმებით, არსებული რეგულაციების დიდი ნაწილი, რომლებიც მხოლოდ სპეციალური დანაყოფის მოსამსახურეებზე ვრცელდებოდა, გავრცელდება ყველა თანამშრომელზე (მაგ. საწვავით სახელმწიფო უზრუნველყოფა; სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევა; თანამდებობრივი შეუთავსებლობა; სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა).
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ სამსახურის ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომელთა მოსამსახურეებზეც სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის განსხვავებული წესები გავრცელდება (სერტიფიცირება; სამუშაო დრო, ასაკობრივი შეზღუდვა, უნიფორმა), განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
ამასთან, ცვლილებებით, გაფართოვდება სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე. თუ დღემდე სახელმწიფო სპეციალური წოდება მხოლოდ სპეციალური დანაყოფის (პენიტენციური დაწესებულებები, პენიტენციური და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტები) და მონიტორინგის დეპარტამენტის მოსამსახურეს ჰქონდა, ახალი კოდექსით, სპეციალური წოდება მიენიჭება ყველა მოსამსახურეს.
„აქედან გამომდინარე, მათზე გავრცელდება შესაბამისი სოციალური დაცვის გარანტიები. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა გაფართოება იმ გარემოებითაც არის განპირობებული, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში მყოფ პირად, არსებითად, ითვლება არა მხოლოდ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფის მოსამსახურე (დღევანდელი მდგომარეობით), არამედ ამავე სამსახურის ყველა მოსამსახურე. აქედან გამომდინარე, მათზე გავრცელდება საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების შეზღუდვაც. ანალოგიურად, პირს, რომელიც სამუშაოდ მიიღება სამსახურში, შეუწყდება პოლიტიკური პარტიის წევრობა”, – ნათქვამია პროექტში.
სამინისტრო განმარტავს, რომ, ცვლილებებით, მოწესრიგდება მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების საკითხი.
„ყველა მოსამსახურე მიიღებს თანამდებობრივ სარგოს, წოდებრივ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს, რომელთა ოდენობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. ამასთან, რჩება შესაძლებლობა, რომ მოსამსახურეს, ზეგანაკვეთური მუშაობის ან განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, მიეცეს სახელფასო დანამატი მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. ამასთან, მოსამსახურეს, მსგავსად დანამატებისა, წოდებრივი სარგო არ მიეცემა ან შეიძლება შეუმცირდეს მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში“, – ნათქვამია კანონპროექტში.