სპეციალისტები აცხადებენ, რომ ქართული წარმოების პირბადეები წვეთოვანი გადაცემის შემთხვევაში აბსოლუტურ დაცვას ახორციელებს
სპეციალისტები აცხადებენ, რომ ქართული წარმოების პირბადეები წვეთოვანი გადაცემის შემთხვევაში აბსოლუტურ დაცვას ახორციელებს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბიოუსაფრთხოების სამმართველოს უფროსის, გელა მგელაძის განცხადებით, ქართული წარმოების პირბადეები წვეთოვანი გადაცემის შემთხვევაში აბსოლუტურ დაცვას ახორციელებს.

მგელაძემ კომენტარი გააკეთა ქართული წარმოების პირაბდეებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოთქმულ კრიტიკაზე. მისი თქმით, აღნიშნული პირბადის ტარების შემთხვევაში ადამიანი ვირუსისგან დაცული იქნება.

„ქართული წარმოების პირბადეები შემოწმებულია ამ წვეთოვან გადაცემაზე. პირბადეები წვეთოვანი გადაცემის შემთხვევაში აბსოლუტურ დაცვას ახორციელებს, ადამიანი ვინც მას ატარებს, იქნება დაცული. ექიმებისთვისაც, სამედიცინო პერსონალისთვისაც ეს პირბადეები ერთჯერადად შეიძლება იყოს გამოყენებული. სადაც მაღალი რისკია კლინიკებში, შეიძლება მხოლოდ ერთჯერადად მისი გამოყენება თავის დაცვის მიზნით. საყოფაცხოვრებო, ჩვეულებრივ ურთიერთობებში უკვე შეიძლება მისი მრავალჯერადად გამოყენება“, – განაცხადა გელა მგელაძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში წარმოებულმა პირბადეებმა გაიარა დაავადებათა კონტროლის ცენტრის შემოწმება, რეკომენდაცია გაიცა და საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის სავსებით მისაღებია.

ამასთან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ წლების განმავლობაში შავი ჭირის დროს სწორედ ისეთ პირბადეებს იყენებდნენ, როგორიც ქართული წარმოების პირბადეებია.

სააფთიაქო ქსელებში ქართული წარმოების პირბადეები უკვე იყიდება. ერთი პირბადის ფასი 50 თეთრია და დაწესებულია ლიმიტი, თითო მომხმარებელზე სამი ცალი პირბადე გაიცემა.