ამირან გამყრელიძე - საქართველოში წარმოებულმა პირბადეებმა გაიარა დაავადებათა კონტროლის ცენტრის შემოწმება, მივეცით რეკომენდაცია და საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის სავსებით მისაღებია
ამირან გამყრელიძე - საქართველოში წარმოებულმა პირბადეებმა გაიარა დაავადებათა კონტროლის ცენტრის შემოწმება, მივეცით რეკომენდაცია და საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის სავსებით მისაღებია

საქართველოში წარმოებულმა პირბადეებმა გაიარა დაავადებათა კონტროლის ცენტრში შემოწმება, ჩვენ მივეცით რეკომენდაციები, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის ეს პირბადეები სავსებით მისაღებია მრავალჯერადი მოხმარებისთვის, შეიძლება მათი ცხელ წყალში გარეცხვა, დაუთოება, ხოლო სამედიცინო მიზნით აღნიშნული პირბადე ერთჯერადად გამოიყენება.

„ამ პირბადეებმა გაიარა დაავადებათა კონტროლის ცენტრში შემოწმება, ჩვენ მივეცით რეკომენდაციები, გაიარა დაავადებათა კონტროლის ცენტრში შესაბამისი საკონტროლო სამუშაოები. ჩვენ გვაქვს დიდი დეპარტამენტი ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის, რომელიც სწორედ ამ ტიპის საკითხებზე მუშაობს, როგორი პირბადე უნდა ეკეთოს ადამიანს, როგორი ხალათი ეცვას. გელა გელაძე, შოთა ცანავა არიან ამ დარგის მაღალი ექსპერტები, მათ შეამოწმეს და დაწერეს, რომ საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის ეს პირბადეები სავსებით მისაღებია, მრავალჯერადი მოხმარებისთვისაც, შეიძლება გარეცხვა ცხელ წყალში, დაუთოება. თუ მას სამედიცინო მიზნით გამოიყენებ, უნდა ერთჯერადად მოვიხმაროთ“,- განაცხადა გამყრელიძემ.

სააფთიაქო ქსელებში ქართული წარმოების პირბადეები უკვე იყიდება. ერთი პირბადის ფასი 50 თეთრია და დაწესებულია ლიმიტი, თითო მომხმარებელზე სამი ცალი პირბადე გაიცემა.