SpaceX-მა დედამიწის ორბიტაზე პირველი სრულად სამოქალაქო ეკიპაჟი გაუშვა — #1tvმეცნიერება
17:08, 16.09.2021
ფლორიდიდან, კენედის კოსმოსური ცენტრიდან ოთხი სამოქალაქო პირი SpaceX-ის რაკეტით დედამიწის ორბიტაზე გაეშურა. ეს გახლავთ ისტორიაში პირველი მისია დედამიწის ორბიტაზე, რომელიც მთლიანად სამოქალაქო პირებით არის დაკომპლექტებული.
ელექტრონული კომერციის სფეროში მოღვაწე კომპანია Shift4 Payments Inc-ის ხელმძღვანელმა, მილიარდერმა ჯარედ ისააკმენმა კოსმოსში სამოგზაუროდ სამი სხვა, ნაკლებად შეძლებული პირიც წაიყვანა.
38 წლის ისააკმენთან ერთად, ეკიპაჟის წევრები არიან 51 წლის სიან პროქტორი, 29 წლის ჰეილი არსენო და 42 წლის კრის სემბროსკი. დედამიწის ორბიტაზე ისინი SpaceX-ის კაფსულა Crew Dragon-ით, სახელად Resilience-ით გაემგზავრნენ.
კაფსულა კომპანიის მრავალჯერადი გამოყენების რაკეტა Falcon 9-ით გაუშვეს. Crew Dragon-ი ორბიტაზე გაშვებიდან ათ წუთში გავიდა.
რაკეტის ზედა ნაწილთან გამოყოფის შემდეგ, მისი გამწევი დედამიწისკენ დაეშვა და უსაფრთხოდ დაჯდა ატლანტის ოკეანეში, გემზე მოწყობილ დასაჯდომ პლატფორმაზე.
სამი საათის შემდეგ, კაფსულამ საბოლოო ორბიტულ სიმაღლეს, 585 კილომეტრს მიაღწია, უფრო მაღლა, ვიდრე საერთაშორისო კოსმოსური სადგური და ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი იმყოფება. ამას გარდა, ეს მანძილი ყველაზე მაღალია, სადამდეც ადამიანები დედამიწიდან აფრენილან NASA-ს აპოლოს მთვარის მისიების შემდეგ.
ასეთ სიმაღლეზე, Crew Dragon-ი დედამიწას ყოველ 90 წუთში ერთხელ შემოუვლის, იმოძრავებს 27 360 კმ/სთ სიჩქარით.
ეს ფრენა პირველი პილოტირებული მისიაა ორბიტაზე, რომელიც მთლიანად არაპროფესიონალი ასტრონავტებისგან შედგება. მისია სამ დღეს გაგრძელდება, შემდეგ კი ასტრონავტები ატლანტის ოკეანეში დაეშვებიან.
ამას გარდა, ამ მისიით ილონ მასკის ორბიტული ტურიზმის ბიზნესის დებიუტიც შედგა. უცნობია, რა თანხა გადაიხადა ისაკმენმა, მაგრამ მედიის ვარაუდით, ოთხი ადგილის საფასური 200 მილიონი დოლარი უნდა ყოფილიყო.