SpaceX-ის ხომალდმა ოთხი ადამიანი ღია კოსმოსში გაიყვანა — #1tvმეცნიერება
პირველად ისტორიაში, კერძო ეკიპაჟი ღია კოსმოსში გავიდა, რასაც NASA კოსმოსურ ინდუსტრიაში უდიდეს წინგადადგმულ ნაბიჯს უწოდებს.
კომპანია SpaceX-ის მისია Polaris Dawn-ი, რომელსაც მილიარდერი ჯარედ აიზეკმენი ხელმძღვანელობდა, 10 სექტემბერს, ფლორიდის კენედის კოსმოსური ცენტრიდან გაეშვა კოსმოსის ისეთ ნაწილში, სადაც ადამიანები უკვე ნახევარი საუკუნეა აღარ ყოფილან, მთვარის აპოლოს მისიების შემდეგ.
ოთხკაციანი ეკიპაჟი კოსმოსურ კაფსულ Dragon-ით ორბიტაზე დედამიწის ზედაპირიდან 700 კმ სიმაღლეზე გავიდა.
მას შემდეგ, რაც სკაფანდრებში ჟანგბადმა დაიწყო მიმოქცევა, აიზეკმენმა კაფსულის ლუქი გააღო, საიდანაც დედამიწის თვალწარმტაცი ხედი გადაიშალა.
ილონ მასკის მიერ 2002 წელს დაარსებული SpaceX-ისთვის ეს მორიგი საეტაპო მოვლენაა.
„დღევანდელი წარმატება წინგადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია კომერციულ კოსმოსურ ინდუსტრიაში და NASA-ს გრძელვადიან მიზნებში“, — წერს NASA-ს ხელმძღვანელი ბილ ნელსონი.
ლუქის გახსნამდე, ეკიპაჟის წევრებს ჩაუტარდათ პროცედურა, რომელიც მათი სისხლის მიმოქცევიდან აზოტის გამოდევნას გულისხმობს, რითაც თავიდან აიცილეს ე. წ. დეკომპრესიული დაავადება. ამის შემდეგ, თანდათან შეამცირეს კაბინის წნევა, რათა ის თანხვედრაში ყოფილიყო კოსმოსის ვაკუუმთან.
აიზეკმენი და SpaceX-ის ინჟინერი სარა გილისი კაფსულის გარეთ მორიგეობით იდგნენ და რამდენიმე წუთის განმავლობაში ატარებდნენ SpaceX-ის ახალი თაობის სკაფანდრების მობილურობის ტესტს. სკაფანდრებს უყენია ამოსაშლელი დისპლეი, ჩაფხუტის კამერები და სახსრების მობილურობის სისტემები. ამის შემდეგ, ისინი კაფსულში დაბრუნდნენ.
კაფსულის გარე აქტივობები ერთი საათისა და 46 წუთის შემდეგ დასრულდა და ამის შემდეგ, კაბინაში წნევა კვლავ გაზარდეს.
მიუხედავად იმისა, რომ კომერციულ სექტორში პირველი იყო, ღია კოსმოსში გასვლა მაინც ჩამორჩებოდა ადრეული კოსმოსური ეპოქის გაბედულ მიღწევებს.
წარსულში, ღია კოსმოსში გასვლისას, რომელთა შორის პირველი იყო საბჭოთა კოსმონავტი ალექსეი ლეონოვი 1965 წელს — ასტრონავტები ხომალდზე მიბმულები დაცურავდნენ სივრცეში, კოსმოსური შატლის ასტრონავტები კი სრულიად მიუბმელად, სპეციალური რეაქტიული სარტყლებით გადიოდნენ ღია კოსმოსში.
ვინაიდან კაფსულ Dragon-ს ჰაერის საცობი არ აქვს, ვაკუუმში მთელი ეკიპაჟი აღმოჩნდა. მისიის პილოტი სკოტ პოტიტი და ინჟინერი ანა მენონი გარეთ არ გასულან, რადგან ისინი სისტემებს აკონტროლებდნენ.
აღსანიშნავია, რომ ეს სამნაწილიანი მისიის პირველი ფაზა იყო, რომელშიც ხომალდი Dragon-ი მაქსიმუმ 1400 კმ სიმაღლეზე ავიდა — სამჯერ უფრო მაღლა, ვიდრე საერთაშორისო კოსმოსური სადგური. ეს რეგიონი ზედმეტად სახიფათოა მაღალენერგიული ნაწილაკების გამო.
Polaris-ის პროგრამის ფინალური მისია SpaceX-ის Starship-ის პირველი ეკიპაჟიანი ფრენა იქნება; სწორედ ამ რაკეტით გეგმავს მასკი მომავალში მარსზე ადამიანების გაგზავნას.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.