სოზარ სუბარი - საინტერესოა, რომ დაცვის მხარეს ჰყავს ერთადერთი მოწმე დათა ახალაია, რომელიც თავად არის სანდრო გირგვლიანის საქმეში ბრალდებული
სოზარ სუბარი - საინტერესოა, რომ დაცვის მხარეს ჰყავს ერთადერთი მოწმე დათა ახალაია, რომელიც თავად არის სანდრო გირგვლიანის საქმეში ბრალდებული

ძალიან საინტერესოა, რომ დაცვის მხარეს ჰყავს ერთადერთი მოწმე, რომელიც თავად არის სანდრო გირგვლიანის საქმეში ბრალდებული და თავად იყო ამ საქმეში ჩართული. დათა ახალაიას გადადგა მაშინ, როდესაც მე გავაკეთე განცხადება მისი და მისი მეგობრების ბრალის შესახებ. ამაზე ჰქონდა ძალიან მწვავე რეაქცია მიხეილ სააკაშვილს.  პირდაპირ ჩემთან ვერ დარეკა და ჩემს მძღოლს დაურეკა. მძღოლმა მომაწოდა ტელეფონი. იქ ამბობდა, რომ რაღაც პრეტენზიები ჰქონდა და ზუსტად ერთ საათში დათა ახალაიამ და მისმა მეგობრებმა გააკეთეს განცხადება გადადგომის შესახებ, – ასეთი განცხადებით გამოეხმაურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესს.

სოზარ სუბარის თქმით, გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ის მოწმის სახით დაიკითხა. მისი თქმით, მაშინ ის უშუალოდ იყო ჩართული გამოძიებაში.

„მე დამკითხეს ამ პროცესზე როგორც მოწმე, სასამართლოს მეც მივეცი ჩვენება. მოგეხსენებათ, მე ვიყავი სახალხო დამცველი, როდესაც ეს ყველაფერი ხდებოდა ჩემს თვალწინ და  ჩემი უშუალო მონაწილეობით, რადგან უშუალოდ ვიყავი ჩართული. გამოძიებაში რაც ხდებოდა გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით, როგორ ხდებოდა პრაქტიკულად გზადაგზა გაყალბება სასამართლო პროცესების, როგორ იცვლებოდა კანონები ერთი სასამართლო პროცესიდან მეორე სასამართლო პროცესამდე, რომ ამითი შეემცირებინათ ბრალი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იხდიდნენ სასჯელს. როგორ იჯდნენ ისინი ერთ საკანში, როდესაც ეს კანონით აკრძალული იყო და როგორ შეცვალეს ამასთან დაკავშირებით წესები. როგორ მოხდა საბოლოოდ, რომ ისინი იყვნენ აბსოლუტურად პრივილეგირებულ მდგომარეობაში. ერთ-ერთი ძალიან მაღალი თანამდებობის პირი, მინისტრი, სააკაშვილის მთავრობის წევრზე მაქვს საუბარი, მაშინ ჩემთანაც მოდიოდა და მეუბნებოდა, როგორ მართავდნენ ისინი ბიზნესებს და ატერორებდნენ ადამიანებს ციხიდან, როგორ უშვებდნენ მათ პერიოდულად მართლაც ოჯახებში, თითქოს მათ დანაშაული არ ჰქონდათ ჩადენილი და როგორ იყო ამ ყველაფრის გვირგვინი სააკაშვილის მიერ მათი შეწყალება“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, ამ საქმეში საინტერესოა ისიც, რომ დაცვის მხარეს ჰყავს მხოლოდ ერთი მოწმე, რომელიც თავად ამ საქმეში იყო ჩართული და ეს არის დათა ახალაია.

„გირგვლიანის საქმე არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან ბევრ მაღალი თანამდებობის პირზე დამდგარია განაჩენი და დღეს დგება განაჩენი. იმ ადამიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, ვისგანაც ეს ყველაფერი მოდიოდა. ამ რეჟიმის შემქმნელია მიხეილ სააკაშვილი. ადამიანი, რომელმაც იმ პირობით დაითანხმა ესენი, ოღონდ თქვენ ჩაჯექით და მერე თქვენ შეგიწყალებთ და გექნებათ ყველანაირი პირობები. ასე მოხდა ამ ადამიანების ჯერ ციხეში ჩასმა, მერე მათი შეწყალება და ძალიან საინტერესოა ისიც, რომ დაცვის მხარეს ჰყავს ერთადერთი მოწმე, რომელიც თვითონ არის ამ საქმეში ბრალდებული, თვითონ იყო ამ საქმეში და იმასაც გეტყვით, რომ ეს ადამიანი მაშინ გადადგა, დათა ახალაიას ვგულისხმობ, როდესაც მე გავაკეთე განცხადება მისი და მისი მეგობრების ბრალის შესახებ. ამაზე ჰქონდა ძალიან მწვავე რეაქცია მიხეილ სააკაშვილს. მან პირდაპირ ჩემთან ვერ დარეკა და ჩემს მძღოლს დაურეკა, მძღოლმა მომაწოდა ტელეფონი, იქ ამბობდა, რომ რაღაც პრეტენზიები ჰქონდა და ზუსტად ერთ საათში დათა ახალაიამ და მისმა მეგობრებმა გააკეთეს განცხადება გადადგომის შესახებ. თუნდაც ეს ფაქტი, რომ დათა ახალაიას მეტი მოწმე არა ჰყავს დაცვის მხარეს, ეს ნიშნავს, რა მძიმე დღეშია. ამ შემთხვევაში რაც თქვა, რომ საქართველოში გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით პრეზიდენტი, პროკურატურა, მთავრობა და სასამართლო იყო მხარე, რომლებიც აწყობდნენ პრაქტიკულად შეთქმულებას იმისთვის, რომ როგორმე არ დასჯილიყვნენ ის ადამიანები, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.