სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სამწლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა
სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სამწლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

მოსამართლე ნინო სანდოძემ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და უცვლელი დატოვა განაჩენი, რომლის თანახმად სააკაშვილი დამნაშავედ არის ცნობილი სსკ-ის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

სააპელაციო სასამართლოში გუშინ მხარეებმა რეპლიკები წარმოთქვეს, რის შემდეგაც მოსამართლე სათათბიროდ გავიდა.

მეორე ინსტანციაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაცვის მხარე სანდრო გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე გამამტყუნებელი განაჩენის გამამართლებელი განაჩენით შეცვლას ითხოვდა. ამ პოზიციას არ იზიარებს სახელმწიფო ბრალდება, რომელიც აცხადებს, რომ ამ საქმეში ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულებებია.

პროკურატურის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილმა ბოროტად გამოიყენა უფლებამოსილება და წინასწარი შეცნობით, შეწყალების კომისიის გვერდის ავლით, სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასამართლებულებს სასჯელი გაუნახევრა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.