სოზარ სუბარი - ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის სამეგრელო უნდა იყოს მაგალითი, თუ როგორ ვითარდება საქართველო
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის სამეგრელო უნდა იყოს მაგალითი, თუ როგორ ვითარდება საქართველო, – ამის შესახებ რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა, სოზარ სუბარმა ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ამ ადამიანებმა უნდა დაინახონ, როგორ შენდება საქართველოში სრულიად ახალი საზოგადოება, რომელიც მალე ევროპული თანამეგობრობის წევრი გახდება.
„სამეგრელო ზემო სვანეთი არის უდიდესი პოტენციალის მქონე რეგიონი, ამავე დროს ურთულესი, რადგან საოკუპაციო ხაზი პრაქტიკულად მთელ სვანეთსა და სამეგრელოს გასდევს. ბუნებრივია, ყველა რეგიონი უნდა განვითარდეს, მაგრამ ეს კუთხე უნდა იყოს მაგალითი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, თუ როგორ ვითარდება საქართველო, როგორ არის დაცული ადამიანის უფლებები, როგორ ვითარდება ეკონომიკა. რომ სრულიად ახალ საზოგადოებას ვაშენებთ, რომელიც მალე გახდება ევროპული თანამეგობრობის წევრი. ამის გაკეთება შეუძლებელია მხოლოდ რეგიონულ დონეზე, თუმცა ვერც მხოლოდ ცენტრიდან გაკეთდება. გუბერნატორებმა, თვითმმართველობებმა და ცენტრალურმა ხელისუფლებამ ერთად უნდა შევძლოთ ეს. მთავარი ამოცანა, რაც გუბერნატორებს დაუსახა პრემიერ- მინისტრმა, ეს არის მაქსიმალური ურთიერთობა, მაქსიმალური კონტაქტი ადგილობრივ მოსახლეობასთან, თითოეულ ოჯახთან. ზოგადად, არ შეიძლება ქვეყანა განვითარდეს ნაფლეთებად და რაღაც ნაწილებად, ამიტომაც გუბერნატორის მოვალეობა იქნება, უზრუნველყოს რეგიონის შიგნით ყველა მუნიციპალიტეტის განვითარება. გუბერნატორები ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად უზრუნველყოფენ მთელ ქვეყანაში საერთო სტრატეგიასა და განვითარების საერთო დონეს“,-განაცხადა სოზარ სუბარმა.